ახალი ამბები

საქართველო აფხაზეთში სირიის დელეგაციის ვიზიტს აპროტესტებს

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების ე.წ. ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 ოქტომბერს Civil.ge-ს.

ამავე ინფორმაციით, „რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს, მისი საოკუპაციო რეჟიმებისა და  სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობის ლეგიტიმაციას, და ქართველთა ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის დაკანონებას. ხსენებული ვიზიტი სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს“. 

საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს „ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული გატარება წარმოადგენს“.

„საგარეო უწყება დაუყოვნებლივ რეაგირებს საოკუპაციო რეჟიმების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობაზე და ახორციელებს საქმიანობას აღიარების რისკების პრევენციის მიზნით“, – ნათქვამია სამინისტროს კომენტარში.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ხსენებული ვიზიტის, ასევე აგვისტოს თვეში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების სირიაში ვიზიტისას „შესაბამისი არხებით შედგა კომუნიკაცია  საერთაშორისო პარტნიორებთან“.    

სირიის შვიდწევრიანი დელეგაცია დეპუტატ სანაა აბუ ზაიდის ხელმძღვანელობით აფხაზეთში 27 სექტემბერს ჩავიდა და ოკუპირებული რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის აფხაზეთის ლიდერს, რაულ ხაჯიმბას, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს, ბესლან ბარციცს, და საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს, შეხვდა. მათ ასევე გამართეს მოლაპარაკებები დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრთან, ადგურ არძინბასთან, რომელმაც განაცხადა, რომ სირიასა და აფხაზეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ამზადებს.

მსგავსი/Related

Back to top button