ახალი ამბები

PACE-ს კომიტეტმა ევროსასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწია

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტმა 29 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ლადო ჭანტურიას გაუწიოს რეკომენდაცია.

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტმა შეაფასა საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების სია“, – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილის და ოთარ სიჭინავას კანდიდატურები. „კომიტეტი, დიდი უმრავლესობით, ასამბლეას ლადო ჭანტურიას კანდიდატურას ურჩევს, რომელიც ლალი ფაფიაშვილზე მეტად კვალიფიციურია“, – ნათქვამია განცხადებაში.  

ახლა კანდიდატების სია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) წარედგინება, რომელიც პლენარულ სხდომაზე კანდიდატებთან დაკავშირებით ფარულ კენჭისყრას გამართავს. პირველ ტურში ხმების აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო. თუ ეს ვერ იქნება მიღწეული, მეორე ტური გაიმართება და ის კანდიდატი აირჩევა ცხრა წლის ვადით, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

ლალი ფაფიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, და ოთარ სიჭინავა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 25 ივლისს იუსტიციის სამინისტროს მიერ წინა ორი კანდიდატის დაწუნების შემდეგ გამოცხადებული განმეორებით კონკურსის შედეგად შეირჩნენ. ლადო ჭანტურიას, საქართველოს ელჩს გერმანიაში 2014 წლიდან და უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, საქართველოს მთავრობამ კანდიდატების წინა სიაში დაუჭირა მხარი.

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ  თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს.

საქართველოს მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი წინა მოსამართლის, ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოიწურა, თუმცა გახანგრძლივდა მას შემდეგ, რაც PACE-ს კომიტეტმა საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

მსგავსი/Related

Back to top button