ახალი ამბები

ქართველი დეპუტატები მოსკოვში შეხვედრებს მართავენ


პატრიოტთა ალიანსის წევრები კონსტენტინე კოსაჩევს ხვდებიან, 3 ოქტომბერი, 2017. ფოტო: council.gov.ru

ოპოზიციური პარტიის, პატრიოტთა ალიანსის, დეპუტატები ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებიან, სადაც რუსეთის სახელმწიფო დუმას და ფედერაციის საბჭოს წევრებთან შეხვედრებს მართავენ.

პატრიოტთა ალიანსის სამკაციანმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც არიან დეპუტატები გიორგი ლომია, ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე, 3 ოქტომბერს მოლაპარაკებები გამართა სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა და ევრაზიაში ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ლეონიდ კალაშნიკოვთან.     

რუსეთის სახელმწიფო დუმას პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივები, ასევე ჰუმანიტარული საკითხები  განიხილეს.

„ქართველი ხალხი მიესალმება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას და თქვენ გრძნობთ ხალხის განწყობას“, – მიმართა კალაშნიკოვმა ქართველ დეპუტატებს და დასძინა, რომ „მიუხედავად იმ პანიკისა, რომელიც საქართველოს ზოგიერთმა ხელმძღვანელმა ატეხა, პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებმა სიმტკიცე გამოიჩინეს“.

გიორგი ლომიამ აღნიშნა, რომ „ზოგიერთი პოლიტიკოსი“ თბილისში ცდილობდა, რომ შეეფერხებინა პარტიის კონტაქტები რუს პარლამენტარებთან. იგი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ თბილისში რუსეთის მონაწილეობით „საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართოს. დეპუტატის თქმით, მას მიაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია ითანამშრომლოს როგორც რუსეთთან, ისე ნატოსთან და ეს ისე გააკეთოს, რომ „რუსეთმა საქართველოდან საფრთხე არ იგრძნოს“. მან კიდევ ერთხელ გაახმოვანა პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მოთხოვნა მოლაპარაკებების სამმხრივი – საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის დანერგვის თაობაზე.

3 ოქტომბერს ალიანსის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინ კოსაჩევს, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული „გაყინული“ ურთიერთობები უნდა გამოსწორდეს, რადგანაც ჩვენი ქვეყნები მარტო მეზობლები არ არიან, არამედ თავის დროზე მეგობრებიც იყვნენ“.   

გავრცელებული ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, რომელიც ასევე მოსკოვში იმყოფება, არაფორმალური შეხვედრები გამართა მოსკოვში, თუმცა უცნობია, თუ ვის შეხვდა ის.

რეაგირება თბილისში

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლების მოსკოვის ვიზიტი მმართველი და ოპოზიციური პარტიების წევრებმა გააკრიტიკეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ „რუსეთი წარმატებით აგრძელებს ჰიბრიდულ ომს და მან უკვე შემოაღწია პარლამენტში. ფაქტობრივად პარლამენტში რაღაც ლობისტური ჯგუფი გაიჩინა, რომელიც არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის“.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ „ივანიშვილი თავს იწონებს პუტინის წინაშე, ის აჩვენებს რუსეთს, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ღია პრორუსული, არის პარლამენტში და საქართველოს პარლამენტის წევრები ეახლებიან, ჩადიან რუსეთში და ეთანამშრომლებიან ქვეყნის ოკუპანტს“.

იმავდროულად, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა: „ჩემთვის ნებისმიერი ასეთი კომუნიკაცია არის მიუღებელი. არცერთ შემთხვევაში არ მგონია, რომ ასეთი შეხვედრები შეიძლება ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს, მითუმეტეს ისეთ პირობებში, როდესაც ასე მძიმდება ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეთნიკური წმენდა, ეთნიკური დევნა და დისკრიმინაცია ხდება ქართველების“. 

ეს პატრიოტთა ალიანსის უკვე მეორე ვიზიტია რუსეთში ივლისში განხორციელებული ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, როდესაც ისინი რუს კოლეგებთან თანამშრომლობის ჯგუფის ჩამოყალიბებაზე და რეგულარული შეხვედრების გამართვაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button