ახალი ამბები

პანკისელი ახალგაზრდა სირიაში დაიღუპა

პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი, 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი სირიაში დაიღუპა, იტყობინება პანკისის სათემო რადიო WAY 2 ოქტომბერს.

რადიოსადგური, რომელიც სოფელ დუისშია განთავსებული, არ აკონკრეტებს კუშტანაშვილი ისლამური სახელმწიფოსთვის ბრძოლის დროს დაიღუპა თუ არა.

მუსლიმ  კუშტანაშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა და სირიაში 16 წლის ასაკში გაემგზავრა თურქეთის გავლით, რამაც კითხვები აღძრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხა არასრულწლოვანმა აეროპორტის გავლით და მშობლების წერილობით თანხმობის გარეშე საზღვრის გადაკვეთა.

რამდენიმე კვირის წინ, იმავე რადიომ – Way-მ გაავრცელა ინფორმაცია სირიაში პანკისის ხეობის კიდევ ერთი მკვიდრის, 31 წლის  ლევან ტოხოსაშვილის დაღუპვის შესახებ მისი ნათესავების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. თუმცა რამდენიმე დღის შემდეფ იმავე მედია საშუალებამ დაწერა, რომ ლევან ტოხოსაშვილი ცოცხალი იყო და ის თავის ოჯახს დაუკავშირდა.

2012 წლიდან დღემდე სირიაში, სულ მცირე, პანკისი ხეობის 26 მკვიდრი დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის მარტის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ექსტრემისტული ჯგუფების მხარეს „50–მდე საქართველოს მოქალაქე“ იბრძოდა.

მსგავსი/Related

Back to top button