ახალი ამბები

მარგველაშვილი პორტუგალიის პრეზიდენტს შეხვდა


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრეზიდენტი მარსელო რებელო დე სოუზა, 2 ოქტომბერი, 2017. ფოტო: president.gov.ge

„კავშირები ყველაზე დასავლურ ევროპულ ქვეყანასა და ყველაზე აღმოსავლურ ევროპულ ქვეყანას შორის კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 2 ოქტომბერს თავის პორტუგალიელ კოლეგასთან, მარსელო რებელო დე სოუზასთან შეხვედრის შემდეგ.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელიც 1-3 ოქტომბერს პორტუგალიას პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს,  თავის კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო 25 წლის მანძილზე პორტუგალია ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების, ასევე მისი ტერიტორიული მთლიანობის „სტაბილური მხარდამჭერია“.

„დარწმუნებული ვარ, რომ დიდ პოტენციალს, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკის, კულტურის, სამეცნიერო გაცვლის, ტურიზმის თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტი გასაქანი მიეცემა, როდესაც თქვენ ჩამობრძანდებით საქართველოში“, – მიმართა მარგველაშვილმა პორტუგალიის პრეზიდენტს, რომელმაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი საქართველოში მოწვევა მიიღო. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარგველაშვილმა თავის კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ზოლზე მდებარე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები და სხვა ხელოვნური ბარიერები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.  

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი და ამ კუთხით პორტუგალიის მხარდაჭერის მნიშვნელობა, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის და ნატოს მომავალი სამიტები.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მარგველაშვილი ასევე შეხვდა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ედუარდო ფერო როდრიგესს. მოგვიანებით კი გაიმართება მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ანტონიო კოსტასთან.

 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button