skip to content
ახალი ამბები

რუსი მინისტრი: მოსკოვი სამხრეთ ოსეთის მიმართ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს ‘ადასტურებს’


ლევ კუზნეცოვი ცხინვალში მშენებლობის ინსპექტირებაზე, 19 სექტემბერი, 2017. ფოტო: minkavkaz.gov.ru

რუსეთის მინისტრი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ლევ კუზნეცოვი 19 სექტემბერს ცხინვალში ჩავიდა, ადგილობრივ ლიდერებთან რეგიონისადმი მოსკოვის ფინანსური დახმარების განხილვის მიზნით. 

19 სექტემბერს ცხინვალის ლიდერთან ანატოლი ბიბილოვთან გამართულ შეხვედრაზე, ლევ კუზნეცოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს რეგიონის ფინანსურ მხარდაჭერას. „ფედერალური ბიუჯეტისთვის ამ არც თუ მარტივ პერიოდში, რუსეთი ადასტურებს და იღებს ყველა ადრე აღებულ ვალდებულებას სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან. 

რუსეთის 2017 წლის ფედერალური ბიუჯეტის თანახმად (2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით), 7.266 მილიარდი რუბლია (125.6 მილიონი აშშ დოლარი) გათვალისწინებული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის“ მუხლით. დამატებით 16.677 მილიონი რუბლია (288.3 ათასი აშშ დოლარი) გათვალისწინებული რეგიონში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის პენსიების დასარიგებლად.

ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს 2018 და 2019 წლების დაფინანსებასაც. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის“ მუხლის თანახმად, 6.017 მილიარდი რუბლი (104 მილიონი აშშ დოლარი) გადაერიცხება ცხინვალს 2018 წელს, ხოლო 6.179 მილიარდი რუბლი (106.8 მილიონი აშშ დოლარი) – 2019 წელს. პენსიების დაფინანსების თანხა 2018-2019 წლებისთვის განსაზღვრული არ არის.

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დაფინანსების საბიუჯეტო მაჩვენებლები არ მოიცავს რეგიონში მყოფი რუსული სამხედრო და უსაფრთხოების ძალებისთვის განკუთვნილ თანხებს.

თავისი ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კუზნეცოვმა ცხინვალში რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე მშენებლობები, მათ შორის საავადმყოფოს და უნივერსიტეტის შენობები მოინახულა.  

მსგავსი/Related

Back to top button