skip to content
ახალი ამბები

ჯანელიძე ერევანში სომხეთის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


მიხეილ ჯანელიძე და სერჟ სარგსიანი, 11 სექტემბერი, 2017. ფოტო: president.am

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, 11 სექტემბერს ერევანში განხორციელებული ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავის სომეხ კოლეგას, ედვარდ ნალბანდიანს, და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა მიხეილ ჯანელიძის და  ედვარდ ნალბანდიანის შეხვედრის შემდეგ, რომ მინისტრებმა ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად.

სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, მინისტრმა ჯანელიძემ და პრეზიდენტმა სარგსიანმა საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს საერთაშორისო და მრავალმხრივ ფორმატებში.

ერევანში გამართულ შეხვედრებზე მინისტრმა ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სომხეთს აგვისტოს ბოლოს ბორჯომში მასშტაბური ხანძრის ლიკვიდაციის დროს გაწეული დახმარებისთვის.

„საქსტატის“ ინფორმაციით, სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ სომხეთთან 2016 წელს 367.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტის მოცულობა 150.8 მილიონი აშშ დოლარი (180.1 მილიონი აშშ დოლარი 2015 წელს), ხოლო იმპორტის მოცულობა 216.8 მილიონი აშშ დოლარი (175 მილიონი აშშ დოლარი 2015 წელს) იყო. 

მსგავსი/Related

Back to top button