skip to content
ახალი ამბები

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე განცხადება გააკეთა

ვენეციის კომისია, იურიდიულ საკითებში ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანო, მზად არის საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ახალი დასკვნა გამოაქვეყნოს. ამის შესახებ კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა 1 სექტემბერს მას შემდეგ, რაც წინა დღეს ქართულმა ოცნებამ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები შეწყვიტა და საკონსტიტუციო რეფორმაზე დიალოგს „აზრს მოკლებული“ უწოდა.

„კონსტიტუციის გადასინჯვა საკვანძო რეფორმაა, რომელიც არსებული პოლიტიკური სისტემის ჭეშმარიტ საპარლამენტო დემოკრატიად ტრანსფორმაციას ემსახურება“, – განაცხადა ბუკიკიომ და დასძინა, რომ „კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა“.

ბუკიკიომ ასევე აღნიშნა, რომ კომისია „მიესალმა საქართველოს პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას და ხელისუფლების დაპირებას, რომ არ დამტკიცდებოდა არცერთი ცვლილება, რომელიც ვენეციის კომისიის დადებით შეფასებას არ დაიმსახურებდა“. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ „იმედგაცრუებულია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადადებით, ასევე ქართული პარტიების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კონსენსუსის მიღწევის მცდელობების ჩავარდნით“.

ჯანი ბუკიკიო ასევე შეეხო სტრასბურგში ვენეციის კომისიის შუამავლობით დაგეგმილი კონსულტაციების გაუქმებას და განაცხადა, რომ „დიალოგის გაგრძელების პასუხისმგებლობა უპირველესად ქართულ პარტიებს ეკისრება და ამ პროცესში ვენეციის კომისიის მონაწილეობა აუცილებელი არ არის“. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართულ პარტიას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ფართო კონსენსუს მიაღწიონ კონსტრუქციული დიალოგის გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ხელისუფლებისგან ძალიან მალე ველით [მეორე მოსმენით მიღებული] კონსტიტუციის პროექტის სახეცვლილ ვარიანტს, რომლის შესახებაც დასკვნას ერთ თვეში, ოქტომბერში (6-7 ოქტომბერს, ვენეციაში) დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე გამოვაქვეყნებთ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციის სახეცვლილი პროექტის დამტკიცებამდე, მასში შეიტანოს ცვლილებები კომისიის ამ მოსაზრების და ქართულ პარტიებთან დიალოგის შედეგების გათვალისწინებით“, – დასძინა ჯანი ბუკიკიომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button