ახალი ამბები

მთავრობამ ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა დაასრულა

ევროსასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევი კონკურსი დასრულებულია. საქართველოს მთავრობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილის და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებს წარუდგენს.

ფაფიაშვილის და სიჭინავას კანდიდატურები მთავრობამ 29 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროს თავმჯდომარეობით მოქმედი სამთავრობო კომისიის წარდგინებით, ოთხი კანდიდატურიდან შეარჩია. ლადო ჭანტურიას კანდიდატურა კი მთავრობამ ჯერ კიდევ მაისში მოიწონა. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარსადგენ სამკაციან სიაში ლალი ფაფიაშვილმა და ოთარ სიჭინავამ ჩაანაცვლეს სოფო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე, რომელთა კანდიდატურები, ლადო ჭანტურიას კანდიდატურასთან ერთად, ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფს განსახილველად მაისში წარედგინა

21 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ევროსაბჭოს ექსპერტებმა მაისში წარდგენილი კანდიდატებიდან მხოლოდ ლადო ჭანტურიას კანდიდატურა მოიწონეს. მოსამართლეობის კანდიდატთა ორ ვაკანსიაზე კი, 25 ივლისს ხელახალი კონკურსი გამოცხადდა.

სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ, 28 აპლიკანტის დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, 26 აგვისტოს გასაუბრებაზე 8 პირი დაიბარა, საიდანაც მთავრობას ოთხი საუკეთესო კანდიდატი – ლალი ფაფიაშვილი, თამარ ალანია, იოსებ ბაჩიაშვილი და ოთარ სიჭინავა წარუდგინა. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარსადგენად საბოლოოდ შერჩეული სამივე კანდიდატს უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება აქვს. 

ლადო ჭანტურია უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა. ლალი ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო – ოთარ სიჭინავა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის ლალი ფაფიაშვილის და ოთარ სიჭინავას კანდიდატურების შერჩევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის ბოიკოტის ფონზე წარიმართა, უარყოფითად შეაფასეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც ფაფიაშვილს და სიჭინავას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ხელისუფლების დავალებით მოქმედებაში ადანაშაულებენ, მათ შერჩევას „სამარცვინოს“ და „მარცხისთვის განწირულს მცდელობას“ უწოდებენ.

„[ეს] არის ბოლომდე დისკრედიტირებული პროცესის ლოგიკური, ანუ სრულიად სამარცხვინო დასასრული… ბუნებრივია ასეთი მოსამართლეები, ასეთი კანდიდატები არიან ჩვენი ქვეყნისთვის თავის მოჭრა“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა.

„მათი წარდგენა სტრასბურგში არის მარცხისთვის კიდევ ერთხელ განწირული მცდელობა“, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ევროსასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი უნდა წარუდგინოს, საიდანაც ასამბლეა, 2017 წლის ოქტომბერში, ერთ მოსამართლეს აირჩევს. 

სამი კანდიდატის შესარჩევი ეროვნული კონკურსი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. 2017 წლის იანვარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სია დაიწუნა

მთავრობამ მეორე კონკურსი 2017 წლის თებერვალში გამოაცხადა, თუმცა სამი წარდგენილი კანდიდატიდან ორის დაწუნების გამო, მოსამართლეობის კანდიდატთა ვაკანტურ ადგილებზე  კონკურსი ივლისშიც გამოცხადდა. 

საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოსამართლეობის კანდიდატთა სამკაციან სიას დღეს წარუდგენს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button