Placeholder canvas
ახალი ამბები

‘არჩევნების გასაყალბებლად’ დამზადებულ ‘ყალბ პირადობის მოწმობებთან’ დაკავშირებით შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს



კადრი პოლიციის ვიდეოდან, სადაც ჩანს ბათუმსა და ზუგდიდში აღმოჩენილი "ათასობით პირადობის მოწმობა", რომელიც შსს-ის თქმით, ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ წინა რამდენიმე  არჩევნების გასაყალბებლად დამზადებული „ათასობით ყალბი პირადობის მოწმობის“ გამოყენების ფაქტი გამოავლინა, განაცხადა შსს–მ კვირის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ამავე განცხადების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ამავე სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე დააკავეს, რომელმაც 2008-2012 წლებში „ორგანიზება გაუკეთა უშუალო სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობების დამზადებას და უკანონო გამოყენებას“.

შსს–ს ინფორმაციით, ყალბი პირადობების დამზადების მიზანი იყო, რომ ე.წ. "საარჩევნო კარუსელის“ გზით მომხდარიყო ყველა დონის, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირება ნაციონალური მოძრაობისა და მათი კანდიდატების სასარგებლოდ.

„კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონალური დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით დეტალურად სწავლობდნენ საარჩევნო სიებს, ავლენდნენ პოლიტიკურად პასიურ და საქართველოდან წლების წინ გასულ მოქალაქეებს და მათ დემოგრაფიულ მონაცემებს აწვდიდნენ პატარიძეს, რის შემდეგაც აღნიშნული მონაცემები შეჰქონდათ საქართველოს მოქალაქის ყალბ პირადობის მოწმობებში, სადაც წინასწარ ჩაკრული იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელთა ფოტოსურათები“, – განაცხადა შსს–მ და დასძინა, რომ ერთ თანამშრომელზე დამზადებული იყო რამდენიმე ყალბი პირადობის მოწმობა, რომელთა გამოყენებით, აღნიშნული პოლიციელები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა ამომრჩევლის მაგივრად აძლევდნენ ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მათ კანდიდატებს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზუგდიდიდან და ბათუმიდან ამოღებულია არჩევნებზე გამოყენებული დაახლოებით რამდენიმე ათასი ცალი ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მათ დასამზადებლად საჭირო ბეჭდები, შტამპები და სხვა ტექნიკური საშუალებები“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, მიმდინარეობს გამოძიება „დანაშაულის ორგანიზატორების დადგენის მიზნით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button