ახალი ამბები

ნატოს პარლამენტარები საქართველოსთან ‘ინტენსიურ დიალოგს’ ემხრობიან

ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს პარიზში გამართულ სესიაზე მიიღო დეკლარაცია საქართველოს შესახებ და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს მოუწოდა 2006 წლის ზაფხულში დაიწყონ ე.წ. ‘ინტენსიური დიალოგი’ საქართველოსთან.


‘ინტენსიური დიალოგი’ განიხილება, როგორც წინა ეტაპი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში (MAP) გაწევრიანებამდე, ამ უკანასკნელს კი უკვე მოყვება ალიანსში შესვლა.


დეკლარაციაში აღნიშნულია საქართველოს მიერ ნატო–სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით (IPAP) გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაში მიღწეული “მნიშვნელოვანი წარმატება.“


დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოუგვარებელი კონფლიქტების გამო, რაც რეგიონში დაძაბულობის საფრთხეს ქმნის.


“არსებულ მოლაპარაკებათა ფორმატში რუსეთის როლის გათვალისწინებით, [რუსეთმა] გაცილებით უფრო კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს ამ კონფლიქტების დარეგულირების მიზნით”, – ნათქვამია დეკლარაციაში.


ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე მოუწოდა ალიანსის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს დაეხმარონ მხარეებს, რათა გამოიძებნოს “არსებული კონფლიქტების ურთიერთმისაღები გადაწყვეტა“ და ასევე აღმოუჩინონ საქართველოს ტექნიკური დახმარება, რათა დაჩქარდეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button