skip to content
ახალი ამბები

კონსტიტუციაზე საყოველთაო სახალხო განხილვები დაიწყო


საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ქუთაისში, 5 მაისი, 2017. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე საყოველთაო სახალხო განხილვები 5 მაისს ქუთაისიდან დაიწყო.

სახალხო განხილვებს, რომელიც ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს, ცხრა წევრისგან შემდგარი საორგანიზაციო კომისია ჩაატარებს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ორი დეპუტატი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან, ორი დეპუტატი მოძრაობა – თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო; ერთი დეპუტატი – პატრიოტთა ალიანსიდან, ორი ექსპერტი კონსტიტუციის საკითხებში, ერთი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი (საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო) და პარლამენტის აპარატის ერთი წარმომადგენელი.

სახალხო განხილვები ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში (ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი და თბილისი) გაიმართება. შემდეგ პროექტს პარლამენტი უყრის კენჭს.

პრეზიდენტის ჩართულობა

კონსტიტუციის სახალხო განხილვებში პრეზიდენტის მონაწილეობის თაობაზე ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ და გიორგი მარგველაშვილმა 4 მაისს შეთანხმებას მიაღწიეს, რასაც წინ უძღოდა ოთხთვიანი გაურკვევლობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობასთან დაკავშირებით.

მარგველაშვილმა, რომელსაც არაერთხელ უსაუბრია რეფორმის პროცესის წინააღმდეგ და რომელიც ამ პროცესს მმართველი პარტიის ხელში პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირების იარაღად მიიჩნევს, კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საზოგადოების ჩართვის მიზნით მარგველაშვილმა, პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიისგან დამოუკიდებლად, კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ წამოიწყო.

თუმცა, დეკემბრის შუა რიცხვებში, როდესაც საკონსტიტუციო კომისია ჩამოყალიბდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუხედავად მისი ბოიკოტისა, პრეზიდენტი შეუერთდება საყოველთაო სახალხო განხილვებს.

ფიქრია ჩიხრაძემ, პრეზიდენტ მარგველაშვილის პოლიტიკურმა მდივანმა, ეს დაპირება 3 მაისს დაადასტურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი საყოველთაო სახალხო განხილვებში მონაწილეობის მისაღებად მოწვევას ელოდება. ჩიხრაძემ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას მას შემდეგ გააჟღერებს, რაც პარლამენტი კომისიის შემადგენლობაზე და მისი მუშაობის წესზე ჩამოყალიბდება.

ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პირველი იყო, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას 4 მაისს უპასუხა.

„საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან – გვინდა მოვიპატიჟოთ საყოველთაო-სახალხო განხილვების პროცესში. ძალიან კარგი იქნება, თუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ერთობლივად გააცნობენ და ერთობლოვად გაესაუბრებიან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „პრინციპში, შეიძლება“ საყოველთაო განხილვების და პრეზიდენტის მიერ დაწყებული კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ გაერთიანება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 4 მაისს შემოთავაზება კიდევ ერთხელ გაიმეორა და განაცხადა, რომ მმართველი პარტია „აბსოლუტურად გახსნილია“ პრეზიდენტ მარგველაშვილის მონაწილეობისთვის.

„საყოველთაო სახალხო განხილვა გულისხმობს ზუსტად იმას, რომ სხვადასხვა პოზიცია განვიხილოთ ჩვენს საზოგადოებასთან. ყველას გვაქვს ჩვენი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არის ასახული საკონსტიტუციო ცვლილებებში. აქედან გამომდინარე, განხილვა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ ჩვენ ჩვენი მოსაზრებები ერთად განვიხილოთ საზოგადოებასთან ერთად. ჩვენ ვართ ამისთვის აბსოლუტურად გახსნილი და იმედი გვაქვს, რომ იგივე პოზიცია ექნება საქართველოს პრეზიდენტსაც,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

4 მაისს, თამარ ჩუგოშვილთან და ქართული ოცნების დეპუტატთან მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას სახალხო განხილვებში, თუმცა დასძინა, რომ ქუთაისში დაგეგმილ განხილვას ვერ დაესწრება 5 მაისის სამუშაო გრაფიკის გამო. მისი თქმით, ყველა ძირითად პრინციპზე და ტექნიკურ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

პოლიტიკური პარტიები ბოიკოტს აცხადებენ და დამოუკიდებელ კამპანიებს იწყებენ

სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიაში მხოლოდ სამი პოლიტიკური პარტია – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსია წარმოდგენილი. შესაბამისად, მხოლოდ ეს პოლიტიკური პარტიები აცნობენ საზოგადოებას საკუთარ შეხედულებებს სახალხო განხილვების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საქართველო კომისიის მუშაობაში ჩართულია, პარტიამ დამოუკიდებელი კარდაკარ კამპანია ქვეყანაში პლებისციტის ჩატარების მიზნით ხელმოწერების შესაგროვებლად დაიწყო.

ოპოზიციური პარტია კონსტიტუციაში იმ დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ გამოდის, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი და საყოველთაო არჩევის წესი იცვლება და ახალი საარჩევნო სისტემა ინერგება.

„ჩვენ გავშლით ფართო ფრონტს, დავიწყეთ კარდაკარი, მოვივლით ყველა ქალაქს, ყველა სოფელს, შევაგროვებთ ხელმოწერებს. ამ ხელმოწერებს დავუდებთ მთავრობას, საერთაშორისო არენაზე შევუქმნით დისკომფორტს იმისათვის, რომ ეს მავნებლობა არ დაკანონდეს და, საბოლოო ჯამში, მე იმედი მაქვს, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ გამოვბრდღვნით უკეთეს კონსტიტუციას ან შევძლებთ იმას, რომ ქართულმა ოცნებამ არ მოირგოს კონსტიტუცია თავის თავზე“, – განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ 4 მაისს.

დაახლოებით 30-მა ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომელთაც 1 მაისს ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, ცალკე სახალხო კამპანია წამოიწყო.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, კამპანიის „დაიცავი კონსტიტუცია“ ერთ-ერთმა წევრმა, 5 მაისს თბილისის ქუჩებში კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის თაობაზე მათი ინფორმირების მიზნით შეხვედრები გამართა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა, სხვა პარტიებთან ერთად, აპირებს „ფართომასშტაბიან კამპანიას არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა მსხვილ ქალაქში და ყველა სოფელში, ყველა დაბაში“.

„ხალხთან უნდა დავამყაროთ ჩვენ ურთიერთობა ამ საკითხზე და არა თვალის ასახვევად მივიღოთ მონაწილეობა იმ შეხვედრებზე, რომელსაც დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართავს“, – განაცხადა მელიამ.

„ყველა ჯგუფი უნდა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გავატანინოთ თავისი, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ხვალინდელი და ზეგინდელი დღის პრობლემა, ეს არის მომდევნო ათწლეულების პრობლემა. კონსტიტუცია, რომელიც უნდა მიიღოს ქართულმა ოცნებამ ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და სახელმწიფოებრიობას ანგრევს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button