ახალი ამბები

არასამთავრობოები, მედია და ოპოზიცია სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ


რუსთავი2-ის შენობა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სახელზე მიმართვები გამოაქვეყნეს, სადაც მიესალმებიან სტრასბურგის გადაწყვეტილებას დროებით შეეჩერებინა უზენაესი სასამართლოს 2 მარტის განაჩენის აღსრულება.

არასამთავრობო ორგანიზაციები

34-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 5 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და შუალედური ზომის გახანგრძლივებისკენ მოუწოდა მანამ, სანამ სასამართლო „საქმის არსებით მხარეს არ განიხილავს“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავაზე მიმდინარე სამართალწარმოების დროს სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დაირღვა.

„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები ნამდვილად ვაფასებთ და პატივს ვცემთ საკუთრების უფლებას“, – ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში. „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე ეს საქმე (ნომინალურად) წარმოდგენილი იყო როგორც ორ კერძო მხარეს შორის ქონებრივი დავა, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ცდილობდა დაემყარებინა კონტროლი მთავარ ოპოზიციურ მედია საშუალებაზე“.

ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ გაჩნდა ეჭვები საქმის „პოლიტიკურ კონტექსტთან“ და სასამართლო სისტემის „დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან“ დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ „რუსთავი 2 არის კრიტიკული მთავრობის მიმართ და ამავე დროს, იგი წარმოადგენს ყველაზე ყურებად კერძო მედია საშუალებას საქართველოში“. „მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები ხშირად თავს არ იკავებდნენ ღიად გაეკრიტიკებინათ ტელევიზია კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

„რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება… გადამწყვეტი დარტყმა იქნება თავისუფალ მედიაზე“, – ნათქვამია განცხადებაში. „საქართველოში ამან შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს პლურალისტურ მედია გარემოს, რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს უკიდურესად ნეგატიურ შედეგს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე“.

არასამთავრობოებმა ასევე აღნიშნეს, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლის შემთხვევაში სარედაქციო პოლიტიკა და დამოუკიდებლობა „შესაძლოა მაღალი რისკის ქვეშ დადგეს“.

მედია ორგანიზაციები

5 მარტს ბეჭდური და ონლაინ მედიის, ტელევიზიების და რადიოსადგურების ასზე მეტმა წარმომადგენელმა ღია წერილი გამოაქვეყნა და იმედი გამოთქვა, რომ „სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას“.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ვთვლით, რომ ამ ტელეკომპანიის საქმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე“, – ნათქვამია წერილში.

მედიის წარმომადგენლები წერილში აღნიშნავენ, რომ სასამართლო პროცესში „პოლიტიკური გავლენის“ ნიშნებმა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის „მუდმივმა კრიტიკამ“, შექმნა შთაბეჭდილება რომ „ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ამჟამინდელ მფლობელებს შეეზღუდათ ქვეყნის შიგნით სამართლიანი სასამართლოს უფლება“. 

„ქვეყნის მთავარ, ყველაზე რეიტინგულ, მთავრობისგან დამოუკიდებელი არხის მფლობელის შეცვლამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართულ დემოკრატიას და მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მიუკერძოებელ ინფორმაციასა და მრავალფეროვან მოსაზრებებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკური პარტიები

15-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მოძრაობამ თავისუფლებისთვის – ევროპულმა საქართველომ, თავისუფალმა დემოკრატებმა და ლეიბორისტულმა პარტიამ 5 მარტს საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე მიმართვა გაავრცელეს, სადაც „შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს და დემოკრატიულ სამყაროს,“ მოუწოდებენ „აღიმაღლონ ხმა საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმზე მიტანილი შეტევის წინააღმდეგ“.

„რუსთავი 2, ერთადერთი დიდი, პროდასავლური, მთავრობის მიმართ კრიტიკული მედია საქართველოში, პრაქტიკულად მითვისებულია ქვეყნის დე ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ. რუსთავი 2 არის უკანასკნელი დიდი მედია, რომელიც არ კონტროლდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანიშვილისა და პარტია ქართული ოცნების მიერ“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2-ის მფლობელობა მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, ივანიშვილთან დაახლოებულ პირს და ქართული ოცნების დეპუტატის ძმას“.

„ეს გადაწყვეტილება ასევე არის უმძიმესი დარტყმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეშია, რადგან არაფორმალურმა მმართველმა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ, მოიპოვეს აბსოლუტური კონტროლი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებზე და ახლა ანადგურებენ დარჩენილ სახელმწიფო ინსტიტუციებს როგორებიცაა, პრეზიდენტი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და საკონსტიტუციო სასამართლო. ყველაფერმა ზემოთ თქმულმა შესაძლოა შეუქცევადად დააზიანოს საქართველოს დემოკრატიული გზა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button