ახალი ამბები

საგარეო მინისტრმა აზერბაიჯანში ვიზიტი დაასრულა


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 13 თებერვალი, 2017. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბაქოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა, სადაც ის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამადიაროვს შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხი განიხილა.

13 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ჯანელიძემ და ალიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს „საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები“, რაც თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის „კარგ საფუძველს“ წარმოადგენს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

სამინისტროს ინფორმაციით, „განსაკუთრებით აღინიშნა საქართველო-აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარე სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა“. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ეფექტური რეალიზაციის მიმართულებით.

ჯანელიძემ და ალიევმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხზეც იმსჯელეს.„საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.  

„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები ძალიან წარმატებულად და დინამიურად ვითარდება“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. 

„სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის ზრდის მნიშვნელობას ორი ქვეყნის შემდგომი დაახლოებისა და დინამიური განვითრებისთვის, იტყობინება მისი ადმინისტრაცია. 

13 თებერვალს ჯანელიძე თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, ელმარ მამადიაროვს შეხვდა, სადაც მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს „საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლურ  ურთიერთობებზეა დაფუძნებული“, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.   

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მთელი რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის ორმხრივი თანამშრომლობა ვაჭრობის, ეკონომიკის და ენერგეტიკის სფეროებში.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხრეთ – დასავლეთის მიმართულებით სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე. როგორც მინისტრებმა აღნიშნეს აუცილებელია ენერგეტიკული პროექტების კვალდაკვალ  ევროპა – აზიის დამაკავშირებელ ხაზზე განვითარდეს სატრანზიტო შესაძლებლობები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის უკეთ წარმოჩენას და მათ პოპულარიზაციას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელმარ მამადიაროვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს, როგორც „მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს" შორის „ურთიერთხელსაყრელი“ თანამშრომლობა მთელი რეგიონისთვის მაგალითს წარმოადგენს.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილეს და „რეგიონალური მნიშვნელობის“ ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მათ ასევე აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის და სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტების მნიშვნელობა.

„მხარეებმა მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქთაი ასადოვთან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button