skip to content
ახალი ამბები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის საშობაო ეპისტოლეში განაცხადა, რომ საღვთო ზნეობა იმდენად მაღალია, რომ მას „თვით ყველაზე დახვეწილი და რაციონალური სახელმწიფო კანონებიც კი ვერ შეედრება“.

„სახელმწიფო კანონით დანაშაულად არ მიიჩნევა, მაგალითად, პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარება, განკითხვა, მრისხანება, შური, ამპარტავნება, ეგოიზმი, შიში, მტრობა, სიძულვილი… ვიდრე მათი გამოვლინებები სერიოზულად არ დააზარალებს სხვას“, – ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში, რომელსაც სამების საკათედრო ტაძარში შობის დადგომამდე ასევე უსმენდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. 

პატრიარქის განცხადებით, როგორც „საღვთო, ისე სახელმწიფო კანონები, რა თქმა უნდა, ზრუნავს ადამიანზე“, მაგრამ „მათში განსხვავებულობას წარმოშობს პიროვნების აღქმა და მასთან დაკავშირებული ხედვის პერსპექტივები“.

საშობაო ეპისტოლეში ასევე ნათქვამია, რომ ეს ისეთ ქვეყნებზე ითქმის, სადაც „ზოგიერთი სახელმწიფო კანონი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს და მცდელობები აქვთ, ცოდვა ოფიციალურად ნებადართული გახადონ“.

„პარალელურად ხდება ისიც, რომ ტელევიზია, მასმედია, სოციალური ქსელები… ამა თუ იმ უწესობას ხშირად მიმზიდველად და საინტერესოდ გვისახავენ და ხელს უწყობენ მათ პროპაგანდას“, – აცხადებს პატრიარქი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს პატრიარქი სახელმწიფო კანონის საღვთო კანონისგან დაშორების ზიანზე საუბრობს თავის საშობაო ეპისტოლეში.

თავის 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში, რომელმაც უთანხმოება გამოიწვია სუროგაციის და ხელოვნური განაყოფიერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით "გაშლილია ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ“ უმცირესობათა ჯგუფების მიერ, რომელთაც აქვთ „პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ“ და  „მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button