skip to content
ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის 5 კანდიდატი განაგრძობს ბრძოლას

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად  5 კანდიდატი განაგრძობს კონკურსის მეორე ტურში ბრძოლას, სამეურვეო საბჭოს მიერ 3 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად.  

ეს კანდიდატები არიან:

  • თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციების დირექტორი, რომელიც ამჟამად გენდირექტორის მოვალეობას ასრულებს;
  • ნათია კუპრაშვილი – საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი;
  • ვასილ მაღლაფერიძე –  ყოფილი დეპუტატი და 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, რომელიც 2016 წლის სექტემბერმდე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს გენერალური პროდიუსერი იყო;
  • ზაალ ანჯაფარიძე – ევროპის ფონდში სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების უფროსი მენეჯერი;
  • ნინო ზაუტაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის დიდი ხნის ჟურნალისტი, რომელსაც 2013 წლიდან პირველ არხზე საზოგადოებრივ-სოციალური თოქ-შოუ მიყავს.

ეს კანდიდატები სამეურვეო საბჭომ 3 იანვარს ფარული კენჭისყრით გამოავლინა; მათთან გასაუბრება 4-5 იანვარს გაიმართება, რის შედეგადაც, საბჭო გამარჯვებულს, სავარაუდოდ, 6 იანვარს დაგეგმილ სხდომაზე გამოაცხადებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური 21 ნოემბრიდან გახდა, როცა ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თავისი 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე თანამდებობა დატოვა.

ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსი 28 ნოემბერს გამოცხადდა, ხოლო განაცხადების მიღების ვადა 28 დეკემბერს ამოიწურა. თავდაპირველად კონკურში მონაწილეობაზე განაცხადი 15-მა კანდიდატმა შეიტანა, თუმცა საბოლოოდ კონკურსანტების რაოდენობა 14-მდე შემცირდა (არასრული დოკუმენტაციის გამო ბაჩუკი ბახტაძის გამოკლების შედეგად). 3 იანვრის კენჭისყრის შედეგად, 9 კანდიდატი კონკურსს გამოეთიშა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button