skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის საახალწლო მილოცვები

თავიანთ საახალწლო მილოცვებში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის 2017 წლის პრიორიტეტებად ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული წინსვლა და ტერიტორიული მთლიანობა დაასახელეს. 
 
ქველმოქმედი ადამიანების გარემოცვაში მყოფმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გამოწვევებთან გამკლავების კუთხით საზოგადოების აქტიურობისა და ქვეყნის სამსახურის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„2017 წელს ჩვენ ბევრი მიზანი გვაქვს მისაღწევი. ჩვენ უნდა დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანებისკენ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობა… ის ძალა, რომელიც ამ პრობლემებს დაგვაძლევინებს, ყველაზე მეტად ჩვენში, ქართულ საზოგადოებაშია; ჩვენს უნარში, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ერთმანეთის პრობლემები გავიზიაროთ, ჩვენი ქველმოქმედებითა და სიკეთით დავძლიოთ ყველა გამოწვევა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის სატელევიზიო მილოცვაში პირობა დადო, რომ 2017 წელი "განსაკუთრებული შესაძლებლობების" იქნება. მისი თქმით, საზოგადოებას აერთიანებს სურვილი, რომ საქართველო „გაერთიანდეს, გამთლიანდეს, გახდეს ეკონომიკურად უფრო ძლიერი, ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის ქვეყანა“.

„ჩვენი ძალა ხომ მხოლოდ და მხოლოდ ერთობაში და მოქმედებაშია. ამიტომ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, როგორც ერთი ძლიერი ოჯახი. მეტად უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რადგან ერთმანეთზე უკეთესად მართლაც ვერავინ გაგვიგებს. ერთად უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა მაინც ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„მე გპირდებით, რომ 2017 წელი, მართლაც, იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი. მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენს ხალხს აქვს განსაკუთრებული თვისება გამოიყენოს თითოეული ასეთი შესაძლებლობა, რათა თავისივე ხელით, რეალობად აქციოს საკუთარი ოცნებები და მიზნები. ამ შესაძლებლობების გამოყენებით კი, ჩვენ ერთად ვიქნებით უფრო ძლიერები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისათვის და მოხუცებისათვის, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისათვის, ჩვენი ძალიან საამაყო ჯარისკაცებისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ ერთად შევძლებთ, რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ და მეტი წელგამართული ოჯახი გვყავდეს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button