skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ბრიუსელს სტუმრობს

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია 7-11 ნოემბერს ბრიუსელში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფება, სადაც დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებში.

9-წევრიან დელეგაციას უკვე უმასპინძლა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ.

„ჩვენთვის სასიხარულოა ასეთი თბილი შეხვედრა, რომელიც მოგვიწყვეს აქ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნატოს შტაბბინაში საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ, „საკმაოდ ფართო და დიდი ინფორმაცია მოგვაწოდეს საქართველოსა და ნატოს ურთიერთობასთან დაკავშირებით დღეს და ხვალ ალბათ გვექნება ფართო ინფორმაცია ევროპული სტრუქტურებიდან ამ ურთიერთობაზე“.

დელეგაციის შემადგენლობაში სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად ასევე შედიან განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD), ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, რომელთა თანაორგანიზებითაც დაიგეგმა ეს ვიზიტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button