skip to content
ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრის მიმართვა არჩევნების წინ

პარასკევს დილით მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავჯდომარეა, ამომრჩევლებს 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მისვლისა და საქართველოს „ევროპული, ნათელი მომავლის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„სულ რამდენიმე საათი გვაშორებს 8 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არჩევნები. ეს არჩევნები ნამდვილად იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისათვის“, – განაცხადა მან. 

„პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო ამომრჩეველს, აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს საქართველოს კიდევ უფრო უკეთეს, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, 9 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა იცხოვრებს კიდევ უფრო უკეთეს საქართველოში“, – აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა, რომელმაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე სატელევიზიო დებატებში და ასევე კერძო მაუწყებლის მიერ შემოთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა „აფასებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში გადაიდგა“. 

„მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბატონო გიორგი [მინისტრი მღებრიშვილი], თქვენი როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნას დაცული“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ჩვენმა მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანაბარი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც იყო მართლაც უპრეცედენტო და ეს იყო აღნიშნული ყველა ჩვენი მეგობრის მიერ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებამ ჩრდილი მიაყენა მშვიდ წინასაარჩევნო პერიოდს და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რომ დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს უმკაცრესად.
 
„ეს იყო ნამდვილად სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერი იქნება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ თავისუფალ ნებას, რა თქმა უნდა, დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ, ნათელ მომავალს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდობიანად“, – განაცხადა მან.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად გამოიყენონ ეს დღე, რათა ჩვენ ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button