skip to content
ახალი ამბები

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა საპარლამენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცეს

ავღანეთში განთავსებული ქართველი სამხედროები პირველი ამომრჩევლები იყვნენ, რომლებმაც ბაგრამისა და მაზარ-ი-შარიფის უბნებზე 5 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით მისცეს ხმა.

ავღანეთში გახსნილ ორ უბანზე, ცესკოს მონაცემებით, 1 604 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, თუმცა თუ რამდენმა მათგანმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, ამაზე ცესკოს ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

ავღანეთში ქართული კონტიგენტი დაახლოებით 860 სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს. ამომრჩეველთა რაოდენობის თითქმის გაორმაგება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანახმად, წინასწარი კენჭისყრის დღე ავღანეთში შეიარაღებული ძალების როტაციას დაემთხვა. 

კენჭისყრა, ბოლო საპრეზიდენტო და წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად,  ავღანეთში ამჯერადაც საერთო არჩევნების დღემდე – 8 ოქტომბრამდე შედგა. თავდაპირველად კენჭისყრის თარიღად ცესკომ 1 ოქტომბერი განსაზღვრა, თუმცა 14 სექტემბერს ეს თარიღი განკარგულებით შეცვალა და 5 ოქტომბრისთვის გადანიშნა.
 
32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში 4 ოქტომბერს გააცილეს ბაგრამის ბაზაზე მყოფი 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ჩასანაცვლებლად.

ცესკოსა და თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ უბანზე გააკეთეს; ამავე უბანზე იყვნენ მიმაგრებულები და გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცეს ხმა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულის სამხედროებმაც. II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე" გახსნილ მეორე საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი.

ავღანეთში დისლოცირებულ ქართველ სამხედროებს მხოლოდ პარტიებისთვის და საარჩევნო ბლოკებისთვის შეეძლოთ ხმის მიცემა; მაჟორიტარულ არჩევნებში მათ მონაწილეობას კანონმდებლობა კრძალავს. 
   
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, რომელმაც „მშვიდ გარემოში ჩაიარა“, საარჩევნო ყუთები დაილუქა და საქართველოში გამოიგზავნა; ამ ბიულეტენებს ცესკო 8 ოქტომბერს, არჩევნების დღის დასრულების შემდეგ დაითვლის და შედეგებს შეაჯამებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button