ახალი ამბები

ბურჭულაძე ივანიშვილს აკრიტიკებს და ‘მატყუარას’ უწოდებს

ოთხპარტიული საარჩევნო ბლოკის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ, ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა, მას „მატყუარა“ უწოდა და ცილისწამების კამპანიის მეშვეობით მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობაში დაადანაშაულა.

„ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას“, – განაცხადა ბურჭულაძემ 19 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

„უზნეობაა, როდესაც იჭრები პირად სივრცეში და იმ მიზნით, რომ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტს ავნო, იწყებ სრულიად უსაფუძვლო ჭორების ტირაჟირებას“, – განაცხადა ბურჭულაძემ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან მისი სატელეფონო საუბრის გავრცელება

12 სექტემბერს ივანიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც მან ბურჭულაძეს ქართული ოცნების მხარდაჭერა სთხოვა, სანაცვლოდ საოპერო მომღერალმა დიდი ფული მოსთხოვა, რის მიცემაზეც ივანიშვილმა უარი უთხრა. თვის დასაწყისში ცალკე გაკეთებულ განცხადებაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბურჭულაძეს ნაციონალური მოძრაობა მართავს და მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობის პროექტია“.

„ჩვენს ქვეყანას მართავს არა მთავრობა, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელსაც შეუძლია საჯაროდ იცრუოს. მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია, არავის აქვს უფლება სრულიად უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ მომაყენოს პირადი შეურაცხყოფა და შეეცადოს ჩემი ამომრჩევლისა და მთელი საზოგადოების მოტყუებას. ამით ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი ამხილა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

„ის  არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა. მან დამაბრალა, თითქოს თანადგომა მთხოვა და სანაცვლოდ დიდი ფული მოვითხოვე, რაც სრული სიცრუეა“, – განაცხადა მან.

„საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც შეუძლია ასე უტიფრად მოატყუოს ხალხი. და ეს კაცი დღეს ჩვენ გვინიშნავს და გვიხსნის მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრებს“, – განაცხადა ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ მდგომარეობა საგანგაშოა.

იმავე პრესკონფერენციაზე სახელმწიფო ხალხისთვის ერთ–ერთმა ლიდერმა, დავით ჯანდიერმა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგსაც ახორციელებს, პოტენციური დონორების დაშინების მცდელობაში დაადანაშაულა, რათა მათ საარჩევნო ბლოკი  არ დააფინანსონ. მისი თქმით, პარტიის ოთხი დონორი დაახლოებით 10 000-10 000 ლარით დააჯარიმეს მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაუკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც ამ ოთხი დონორის მიერ განხორციელებული შემოწირულობები უკანონო იყო.

პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემოწირულობების მეორე უმსხვილესი მიმღები იყო 2016 წლის პირველ რვა თვეში – 2.29 მილიონი ლარით. „გირჩმა“ და „ახალმა საქართველომ“, რომლებიც აგვისტოს შუა რიცხვებიდან ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკში არიან გაერთიანებული ახალ მემარჯვენეებთან ერთად, შემოწირულობის სახით 601 000 ლარი და 261 000 ლარი მიიღეს, შესაბამისად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button