skip to content
ახალი ამბები

პარტია ქართულმა ოცნებამ ქვემო ქართლის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ 3 აგვისტოს ქვემო ქართლის რეგიონის რვა ერთმანდატიან ოლქში თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

რუსთავში, რომელიც ორ ერთმანდატიან ოლქს მოიცავს (30–ე და 29–ე ოლქები) პარტია ქართულმა ოცნებამ თავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან არსებული ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი, გიორგი ბეგაძე და სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოიებო დეპარტამენტის უფროსი, პაატა მხეიძე დაასახელა.    

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობიდან რუსთავის ოლქებში კენჭს იყრიან დავით კირკიტაძე (30–ე ოლქი), რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი იყო, და მამუკა ჩიქოვანი (29–ე ოლქი), რომელიც 2014 წელს რუსთავის მერად იყრიდა კენჭს, თუმცა ის კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა დაამარცხა.

ოპოზიციურმა პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ მსახიობი ზურაბ ინგოროყვა (29–ე ოლქი) და თეიმურაზ მენაფირე (30–ე ოლქი) დაასახელა რუსთავის ორ ერთმანდატიან ოლქში.

დანარჩენი პარტიების უმეტესობას თავიანთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქვემო ქართლის რეგიონში ჯერ არ დაუსახელებიათ.

დიდი ხნის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც სააფთიაქო ქსელი „პსპ“–ს თანადამფუძნებელია, პარტია ქართული ოცნების კანდიდატი იქნება იმ ერთმანდატიან ოლქში, რომელიც დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. წინა ორი მოწვევის პარლამენტში 2004 წლიდან ოქრიაშვილი დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო მაშინდელი მმართველი პარტია ნაციონალური მოძრაობიდან.  2012 წელს იგი ხელახლა იქნა არჩეული იმავე ოლქში როგორც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თუმცა არჩევნებიდან მალევე მან დატოვა პარტია, რომელიც კოალიცია ქართულმა ოცნებამ დაამარცხა.

პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ წალკის საკრებულოს წევრი ჯემალ ვანაძე საკუთარ კანდიდატად დაასახელა იმ ოლქში, რომელიც დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოგა მეშველიანი პარტია ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს ბოლნისის ერთმანდატიან ოლქში.

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის ბოლნისის ფილიალის უფროსი, სამირა ისმაილოვა იმავე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა; თავისუფალი დემოკრატებიდან ბოლნისში კენჭს იყრის ბენიამინ კასიმოვი, რომელიც გაზაფხულზე პარტიაში გაწევრიანებამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. 

პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანაშემწე ეროვნული უმცირესობების საკითხებში, სამველ მირზოევი ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატია გარდაბნის ერთმანდატიან ოლქში.

გარდაბნის ოლქში ასევე იყრიან კენჭს ბოლნისის საკრებულოს წევრი რამინ ბაირამოვი ნაციონალური მოძრაობიდან და გიგა მოლაშხია თავისუფალი დემოკრატებიდან.

განათლების სამინისტროს მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რუსლან გაჯიევი პარტია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია მარნეულის ერთ–ერთ ერთმანდატიან ოლქში (35–ე ოლქი). იმავე ოლქში იყრის კენჭს ისპანდერ ქერიმოვი თავისუფალი დემოკრატებიდან.

მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი, თამაზ ნავერიანი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია მარნეულის 36–ე ერთმანდატიან ოლქში. ახმედ იმამქულიევი ნაციონალური მოძრაობიდან, რომელმაც 2014 წელს მარნეულის გამგებლის არჩევნები წააგო, იმავე ოლქში იყრის კენჭს. მარნეულის იმავე ოლქში ასევე იყრის კენჭს გიორგი სისვაძე თავისუფალი დემოკრატებიდან.   

პარტია ქართულმა ოცნებამ გოდერძი ჩაქსელიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსია, თეთრიწყაროს ერთმანდატიან ოლქში დაასახელა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. 

ქვემო ქართლის რეგიონის გარდა მმართველმა პარტიამ ასევე დაასახელა თავისი კანდიდატები იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის და მცხეთა–მთიანების რეგიონებში.  

ქართულმა ოცნებამ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა გურიის რეგიონის ოზურგეთის ერთმანდატიან ოლქში. იმავე ოლქში თავისი კანდიდატი ჯერ მხოლოდ პარტია  თავისუფალმა დემოკრატებმა დაასახელა და იქ პარტიის გამგეობის წევრი თეიმურაზ სალუქვაძე იყრის კენჭს.   ქართული ოცნების დეპუტატი, თემურ ჭკუასელი გურიის იმ ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს, რომელიც ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

მცხეთა–მთიანეთის რეგიონში, რომელიც ორ ერთმანდატიან ოლქს მოიცავს, ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ხელახლა იყრის კენჭს, ხოლო მეორე დეპუტატი ქართული ოცნებიდან, ზაქარია ქუცნაშვილი იმ ოლქში იყრის კენჭს, რომელიც დუშეთის და სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

ქართულმა ოცნებამ იოსებ მაკრახიძე, გორის ასფალტის მწარმოებელი და გზების სამშენებლო კომპანია „იბოლიას“ თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი, გორში დაასახელა თავის კანდიდატად. იმავე ოლქში იყრის კენჭს დეპუტატი თავისუფალი დემოკრატებიდან, თამაზ შიოშვილი.

პარტია ქართული ოცნების დეპუტატი თენგიზ ხუბულური იმ ოლქში იყრის კენჭს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტს მოიცავს, გარდა ქალაქ გორისა. იმავე ოლქში იყრის კენჭს მურად მურადაშვილი თავისუფალი დემოკრატებიდან. გორში კენჭისყრას ასევე გეგმავს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, ანდრო ბარნოვი.

დეპუტატი ვალერი გელაშვილი ხელახლა იყრის კენჭს ხაშურში ქართული ოცნების კანდიდატად. შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, გიორგი თოთლაძე ქარელის ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს, ხოლო ირაკლი მეზურნიშვილი – კასპში. ორივე მათგანი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს კანდიდატები არიან.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით. თუ ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, მაჟორიტარ დეპუტატებს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს შორის.

 

მსგავსი/Related

Back to top button