ახალი ამბები

პროკურატურა მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოძიებას იწყებს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა სამშაბათს, რომ გამოძიება დაიწყო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ 2,5 წლის წინ გამოთქმულ ბრალდებაზე, რომლის თანახმადაც ის გვიან ღამით გამოიყვანეს საკნიდან მაშინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან  შესახვედრად. ეს ფაქტი გამოუძიებელი დარჩა, რასაც მოყვა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გასულ კვირას ნაწილობრივ მერაბიშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე“, – განაცხადა  პროკურატურის წარმომადგენელმა ნათია სუხიაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა 14 ივნისის გადაწყვეტილებაში, რომ 2013 წლის მაისში მერაბიშვილის თავდაპირველი წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ოთხი თვის შემდეგ, 2013 წლის სექტემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას წინასწარ პატიმრობაში მისი დატოვების შესახებ გონივრული საფუძვლები აკლდა.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–18 მუხლი და განაცხადა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ის სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით არსებული „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე პასუხისგებაში მიეცათ, „არამედ პროკურატურამ ის გამოიყენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტის მოსაპოვებლად“ იმ გამოძიებებთან მიმართებაში, რომლებიც სხვა საქმეებზე მიმდინარეობდა, მათ შორის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

კონვენციის მე–18 მუხლი ეხება სიტუაციას, როდესაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სამართლებრივად დაადასტურებს ვინმეს უფლებების შეზღუდვის აუცილებლობას, მაინც დარღვევად ჩაითვლება, თუ აღმოჩნდება, რომ უფლებათა ეს შეზღუდვა, მათ შორის დაკავებაც, რაიმე სხვა დაფარული მიზნით იქნა გამოყენებული, მათ შორის პოლიტიკური ან სხვა იმისგან განსხვავებული მიზნით, რაც ოფიციალურად არის გაცხადებული. ევროპის სასამართლოს პრაქტიკაში მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ამ მუხლის დარღვევა დაფიქსირდა.

კონვენციის მე–18 მუხლის კონტექსტი 2013 წლის დეკემბრის ინციდენტიდან გამომდინარეობს, როდესაც მერაბიშვილი, მისი განცხადებით, გვიან ღამით გამოიყვანეს საკნიდან მაშინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან  შესახვედრად, რომელიც, მერაბიშვილის თქმით,  დაშინების გზით ცდილობდა, რომ გარკვეული ინფორმაცია მოეპოვებინა კავშირის არმქონე გამოძიებებთან დაკავშირებით, მათ შორის ყოფილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო საიდუმლო ოფშორულ საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით.

სასამართლომ მერაბიშვილის ეს მონათხრობი სანდოდ და უტყუარად მიიჩნია.  სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაცია აშკარად თავს იკავებდა ციხის სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო მასალის მიწოდებისგან, რომელიც ამ ინციდენტს მეტ ნათელს მოფენდა. ზოგადად კი, სასამართლოს თქმით, ხელისუფლება და „განსაკუთრებით“ მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც ახლა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრია, „აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ მოწოდებებს ობიექტური და ზედმიწევნითი გამოძიების ჩატარების თაობაზე“.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 14 ივნისს, რომ საქართველოს ხელისუფლებას 2013 წლის დეკემბრის ინციდენტის გამოძიება ახლა მოუწევს.

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, განაცხადა 20 ივნისს, რომ მერაბიშვილის ბრალდება, რომ ის ღამით გამოიყვანეს საკნიდან მთავარ პროკურორთან შესახვედრად „ჩემთვის ღიმილის მომგვრელი იყო მაშინ და დღესაც ასე მგონია“.   

თუმცა, მან იქვე დასძინა ეკონომიკური კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას: „კარგი იყო, რომ ეს გამოძიება ეწარმოებინათ თავის დროზე … რახან კითხვები არის, უნდა გამოიძიონ … ალბათ, ახლა მაინც გამოიძიებენ “.

ოთარ ფარცხალაძე, რომელმაც მთავარი პროკურორის პოსტი გერმანიაში მის დანაშაულებრივ წარსულთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალის გამო 2013 წლის 30 დეკემბერს, თანამდებობის დაკავებიდან დაახლოებით 6 კვირაში დატოვა, უარყოფს მერაბიშვილის ბრალდებებს. მან უთხრა „რუსთავი 2“–ს გასულ კვირას, რომ ვერ გაასამართლებენ იმ შემთხვევის გამო, რომელიც არ მომხდარა.

როდესაც მას ახლანდელ მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან მეგობრობაზე ჰკითხეს, ფარცხალაძემ უპასუხა, რომ არ აქვს მნიშვნელობა შოთაძე მისი მეგობარია თუ არა. მისი თქმით, შოთაძე პატიოსანი ადამიანია და ყველაფერს ობიექტურად გამოიძიებს.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ გამოძიებას დაწყება ახლა არასაკმარისი და ძალიან დაგვიანებულია.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი ადეკვატური რეაგირება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე  მერაბიშვილის და „სხვა პოლიტპატიმრების“ ციხიდან გათავისუფლება იქნებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button