skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი ქართული ოცნების წევრების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე კომენტარს აკეთებს

კოალიცია ქართული ოცნების წევრების გადაწყვეტილება, რომ 2016 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად იყარონ კენჭი, ბევრად უფრო მრავალფეროვანს გახდის პოლიტიკურ გარემოს, რაც კარგია ამომრჩევლებისთვის, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„კოალიცია შეიქმნა იმისთვის, რომ ოპოზიციას მშვიდობიანი გზით შეეცვალა წინა ხელისუფლება. კოალიციამ ამ მიზანს ძალიან კარგად გაართვა თავი. თუმცა, ამ არჩევნებზე საუბრისას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ პოლიტიკური სისტემა, რომელშიც არის შავი და თეთრი და მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალა, უკვე მოძველდა ქართული პოლიტიკური კულტურისთვის და ჩვენ ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ ბევრად უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მივიღებთ არა ერთ სერიოზულ მოთამაშეს ამ არჩევნებზე, ამომრჩეველსაც ექნება საშუალება, რომ უკეთ აირჩიოს თავისი მომავალი წარმომადგენელი პარლამენტში“, – განუცხადა მან ქართველ ჟურნალისტებს 31 მარტს ვაშინგტონში, სადაც ის ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობს.

31 მარტს გაკეთებულ ცალკე განცხადებაში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსტიტეტის ელიოტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლაში სიტყვით გამოსვლისას, რომ ძლიერი, ფუნქციონალური პოლიტიკური პარტიების მშენებლობა საქართველოში ევროპული პოლიტიკური სისტემის განვითარების „მნიშვნელოვანი ნაწილია“. მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურმა სისტემამ უარი უნდა თქვას ამომრჩევლებისთვის ტრადიციულად ვიწრო, „შავ–თეთრი“, ანუ მხოლოდ „ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ“ არჩევანის შეთავაზებაზე, რომლის დროსაც ორივე მხარე ერთმანეთის „დემონიზებას“ ახდენს. მისი თქმით, პარტიების მიერ არჩევნების წინ განხორციელებული კამპანია საგნობრივი უნდა იყოს, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა ამომრჩეველს, რომ „ვინმეს სასარგებლოდ მისცენ ხმა“ და არა „ვინმეს წინააღმდეგ“.

ამ თვალსაზრისით, განაცხადა მან, საქართველოს „ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი“.

„ვიმედოვნებ, რომ მომავალი არჩევნები… წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.       

როდესაც მას კონკრეტულად კოალიცია ქართული ოცნების წევრების გადაწყვეტილების შესახებ ჰკითხეს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეს „საინტერესო მოვლენაა“ და დასძინა, რომ ეს ამომრჩევლებისთვის უფრო მრავალფეროვან პალიტრას უზრუნველყოფს.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის საარჩევნო პროცესში არაპარტიული  დარჩება და დასძინა, რომ შეეცდება დაარწმუნოს ამომრჩევლები, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, რაც ამომრჩეველთა აქტივობის ზრდას დაეხმარება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button