skip to content
ახალი ამბები

შსს აცხადებს, რომ ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 მარტს განაცხადა, რომ ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების წევრზე, ალექსი პეტრიაშვილზე 26 თებერვალს მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში მონაწილეთაგან ერთ-ერთი პირი დააკავა, ხოლო მისი მეორე თანამზრახველის დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

შსს-ს განცხადებით, თავდასხმიდან "რამდენიმე დღის შემდეგ" 1975 წელს დაბადებული ლევან მ. ბორჯომში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

„ლევან მ-მ, თანამზრახველთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილს თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. თავდამსხმელები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ჩაქუჩი და ბრალდებულის ქუდი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქუდის შიდა ზედაპირიდან აღებული და დანაშაულის ჩადენის იარაღის – ჩაქუჩის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილების დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ლევან მ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია. ასევე, ჩაქუჩზე არსებული ადამიანის სისხლის გენეტიკური პროფილის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იგი ალექსი პეტრიაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია“, – აცხადებს შსს.

ალექსი პეტრიაშვილს, რომელიც ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო, 26 თებერვალს თბილისში მეგობრის საფლავზე ფიზიკური შეურაცხყოფა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. პეტრიაშვილი, რომელსაც სულ ცოტა ორი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. 

პოლიციას, რომელიც გამოძიებას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარმართავს, მომხდარი დანაშაულის მოტივებზე ამ ეტაპზე არაფერი უთქვამს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button