skip to content
ახალი ამბები

უსუფაშვილი კოალიციურ ურთიერთობებზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მის რესპუბლიკურ პარტიასა და კოალიციის წამყვან პარტია ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს შორის დაგეგმილი „სტრატეგიული“ შეთანხმება არ ნიშნავს იმას, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიცია ორპარტიული იქნება. 

თუ რა კონფიგურაციით წარდგება ოქტომბრის არჩევნებზე მმართველი კოალიცია, მისი თქმით, ეს სამომავლო შეთანხმების საგანია, რომელიც ისე უნდა იქნეს მიღწეული, რომ სახელმწიფოს მართვას ზიანი არ მიადგეს და ხელი არ შეეშალოს მიმდინარე საკითხების გადაწყვეტას. 

„საქართველოში პირველად მოხერხდა ის, რომ ქვეყანა 4 წლის განმავლობაში მართა მრავალპარტიულმა კოალიციამ – ასეთი რამ საქართველოს არ ახსოვს,  არადა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სადემონსტრაციო ნიშანი იმისა ქვეყანა ევროპის გზაზეა თუ რამე სხვა გზაზეა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა 7 მარტს მედიასთან შეხვედრაზე, "ამასთანავე კოალიციური ერთობა ეს არ არის მუდმივი ერთობა. კოალიციები იქმნება გარკვეული ვადით და ბუნებრივად გაიხსნა საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორ იქნება კოალიცია წარდგენილი შემდგომ არჩევნებზე". 

"აი, აქ მე მინდა ყველას მივმართო და მოვუწოდო ცოტა უფრო სიღრმისეული და მშვიდი მსჯელობისკენ იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ არჩევნებზე კოალიცია რა კონფიგურაციით წარსდგება ეს არის მომავლის საქმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხის გარკვევისას, დღეს კოალიციას რაიმე საფრთხე უნდა დაემუქროს იმიტომ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული 4 წლით, ჩვენ სახელმწიფოს ვმართავთ და არა საკუთარ თავს, ჩვენ სახელმწიფო პასუხისმგებლობა გვაკისრია და ამიტომ უნდა ვიყოთ ყველა მზად იმისთვისაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ერთი პასუხისმგელობით, ერთიანი გუნდით ვმართოთ ქვეყანა, ხოლო მომავალ არჩევნებზე შეიძლება სხვანაირად იყოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა მან.

კოალიცია ქართული ოცნება შემდეგ ხუთ პარტიას აერთიანებს: ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო; რესპუბლიკური პარტია; მრეწველები; კონსერვატიული პარტია და ეროვნული ფორუმი. მათგან ორი პარტია – რესპუბლიკელები და მრეწველები განვლილი კვირების განმავლობაში ერთმანეთთან საჯარო დაპირისპირებაში იყვნენ ჩართულნი, რომლის ფარგლებშიც მრეწველთა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გოგი თოფაძემ თავდაცვის რესპუბლიკელი მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს შუალედური არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა, რასაც მოგვიანებით პროკურატურის მიერ საქმეზე გამოძიების დაწყება მოყვა.

ამ ფონზე 3 მარტს გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მმართველი კოალიციის ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის არჩევაც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ  გაზაფხულზე დაგეგმილ ყრილობაზეა მოსალოდნელი, და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი გეგმავენ პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მიღწევას. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ სამომავლო შეთანხმებას კოალიციის სხვა წევრებიც უნდა შეუერთდნენ იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია მრავალპარტიულ გაერთიანებად დარჩება 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ამ განცხადებებს არაერთგვაროვანი და ზოგ შემთხვევაში დაბნეული რეაქციები მოყვა, როგორც პარტია ქართული ოცნების, ისე კოალიციის სხვა წევრი სუბიექტების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდანაც. ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რომელიც პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანია, განაცხადა, რომ საუბარი იყო არა ორპარტიულ შეთანხმებაზე, არამედ „სტრატეგიულ ურთიერთობებზე კოალიციაში შემავალ პარტიებთან“. 

„ამას მოყვა ბევრი სპეკულაციები და მე მინდა განვმარტო ძალიან მკაფიოდ და გასაგებად – ჩვენ ვსაუბრობთ არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა 7 მარტს,  „ეს არის სრულიად ბუნებრივი ამბავი იმიტომ, რომ მომავალ არჩევნებში ჩვენთვის, რესპუბლიკელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, გვაქვს თუ არა ურთიერთგაგება კოალიციის მთავარ, წამყვან პოლიტიკურ ძალასთან – პარტია ქართულ ოცნებასთან. აბა პირიქით ხომ არ დავიწყებდით პროცესს? ჯერ ჩვენს კოლეგებს და ნაცად მეგობრებს, მაგალითად, კონსერვატორებს შევუთანხმდეთ პარტნიორობაზე და მერე ერთად მივადგეთ პარტია ქართულ ოცნებას? რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა სწორი“. 

„მხარეებს შორის შედგა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი და მოტივაცია იმისა, რომ ვიყოთ სტრატეგიული პარტნიორები არა მხოლოდ აქედან და ოქტომბრამდე, არამედ ოქტომბრის შემდეგაც. ამასთანავე, იმის გასარკვევად, რომ ჩვენი სურვილი შეესაბამება თუ არა ჩვენს შესაძლებლობებს, საჭიროა პროცესი, რომელიც შესაძლოა დასრულდეს სტრატეგიული შეთანხებით პარტიებს შორის თანამშრომლობაზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„რაც შეეხება შეთანხმების საკითხებს, ჩვენ პირველ ეტაპზე გვექნება საუბარი თემატურ საკითხებზე, რისთვის შეიძლება ვიყოთ ერთად – ეს არის ამოსავალი და თუ ამაზე შევთანხმდებით, მეორე ეტაპზეა შემდეგი საკითხი: როგორ უნდა ვიყოთ ამისთვის ერთად, ვის რა რესურსი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ეს საქმე ერთად ავწიოთ; იმიტომ, რომ აქ საქმეა გასაკეთებელი და არა მარტო სკამებია გასანაწილებელი, ვინ უფრო მაღალ სკამზე წამოვსკუპდებით“, – განაცხადა მან.

თუმცა უსუფაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობაზე შეთანხმება ეს არის „ერთი სიბრტყე, ერთი ტიპის მოვლენა, ხოლო საარჩევნო ბლოკი, კოალიციური შეთანხმება, რომელშიც არის სხვა სუბიექტები და პარტიები, ეს არის სრულიად სხვა რამ“.

„ყველა პარტია, ვისაც სურს მომავალში წარმოიდგინოს თავი კოალიციურ კონფიგურაციაში, რა თქმა უნდა, უნდა ესაუბროს კოალიციის ლიდერს“, რომელიც უსუფაშვილის თქმით, ამჟამად გიორგი კვირიკაშვილია, რომელსაც „დარწმუნებული ვარ, ექნება შეხვედრები სხვა პარტიებთანაც“.   
 
„ამიტომ ზედმეტი ნერვიულობა, აღშფოთება თუ შეშფოთება ამ საკითხს ნუ ახლავს“, – დასძინა მან.

მისი თქმით, მმართველი კოალიცია, რომელიც ოთხი წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა  „მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად“ შეკრიბა, ერთად ყოფნის პირველ ეტაპს ოქტომბერში არჩევნებით ასრულებს და ემზადება მეორე ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც გამიზნულია „ქვეყნის წინ წასაყვანად“.

„ამიტომ  კოალიციური შეთანხმება ძალიან ბევრ ისეთ საკითხზე, რომლის აუცილებლობა შეიძლება 4 წლის წინ არ იყო, დღეს დგას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, კოალიციურმა შეთანხმებამ უნდა გაითვალისწინოს „ძალიან კონკრეტული პუნქტები“ იმის შესახებ, თუ რა ერთობლივი გეგმები უნდა დაისახოს მომდევნო 4 წლის განმავლობაში განათლებაში, კულტურაში, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში თუ სხვა მიმართულებებით.

„ამ ყველაფერზე აუცილებელია შეთანხმება“, – განაცხადა მან, „მე მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი სწორედ ასე უყურებს საკითხს და ჩვენ უახლოეს ხანებში ამ თემაზე გვექნება კონსულტაციები“.   

„მე ყველას მივმართავ, რომ მზად იყვნენ მსგავსი პროცესისთვის სრულიად მშვიდად და წყნარად“, – დასძინა მან და აღნიშნა, რომ ამ პროცესში კოალიციაში შემავალ თუ მის გარეთ მყოფ პარტიებს არ აქვთ „განსაკუთრებული სიხარულის ან უბედურების საფუძველი“.
    
ამ პროცესში რესპუბლიკური პარტია, რომელიც, მისი თქმით, არც არავის „ამადლის თავს“ და არც არავის „ეხვეწება“ კოალიციაში ყოფნას, პრობლემების გაღრმავების მომხრე არ იქნება. 

„რომ მოხდეს და ერთი თვის შემდეგ გაირკვეს რაღაცის გამო, რომ რესპუბლიკური პარტია მომავალ არჩევნებზე შეიძლება ცალკე გავიდეს, ამის გამო ჩვენ არ ვაპირებთ ჩამოვშალოთ ხელისუფლება და უმრავლესობა პარლამენტში“, – განაცხადა მან.  

„ჩვენ ვიცით როგორც ვემსახუროთ ქვეყანას ხელისუფლებაში და ჩვენ ვიცით როგორ ვემსახუროთ ქვეყანას ოპოზიციაში. საკითხი იმის შესახებ სად და როგორ ვიქნებით, დამოკიდებულია, პირველ რიგში, ამომრჩეველზე, მეორე რიგში, პოლიტიკურ პარტნიორებზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რესპუბლიკური პარტია „არ აცხადებს პრეტენზიას, ამბიციას ან თუნდაც სამომავლო სურვილს იმის თაობაზე, რომ რომელიმე არჩევნებში 55%-ს მივიღებთ და მხოლოდ ჩვენ ვმართავთ ქვეყანას“.

„ამიტომ ვიქნებით თუ არა პარლამენტში, გვექნება თუ არა პარტნიორული ურთიერთობა სხვა პარტიებთან წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ, ამ კითხვებზე პასუხს გასცემს ოქტომბერი“, – განაცხადა მან.

კითხვაზე იზიარებს თუ არა პრემიერ-მინისტრის ტონს, როცა მან თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლეა, მრეწველებთან საჯარო დაპირისპირებაში ჩართვის გამო გააკრიტიკა, უსუფაშვილმა უპასუხა: „არათუ ვიზიარებ, არამედ ვეთანხმები და მინდა მეტი ვიხილო ის ვითარებები, როცა პრემიერ-მინისტრი სწორად მართავს მთავრობას… და მინისტრები ვალდებულები არიან მიყვნენ მის მითითებებს“.  

„ამასობაში, მე გამიჭირდება თავდაცვის მინისტრის დაცვა. ამას არ გავაკეთებ“, – განაცხადა მან, თუმცა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თინა ხიდაშელი მხოლოდ მას შემდეგ „აღმოჩნდა ჩართული“ საჯარო დებატებში, როცა საკითხი მის უწყებას შეეხო და ასევე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბების ბრალდებებთან დაკავშირებით. 

„როდესაც პროკურატურა ერთვება გარკვეული საკითხების განხილვაში, ასეთ შემთხვევაში, მე მგონი, არის თითქმის გარდაუვალი აუცილებლობა იმისა, რომ რაღაც საკითხები განიმარტოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ამ თემას უკვე პროკურატურა გაარკვევს.

მსგავსი/Related

Back to top button