ახალი ამბები

საქართველოს თქმით, აზერბაიჯანიდან დამატებით გაზს მიიღებს და მეტი მოცულობის გაზი „გაზპრომიდან“ აღარ დასჭირდება

ახალი შეთანხმება, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს, რომ აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს, ხსნის იმის საჭიროებას, რომ ქვეყანამ ამ ეტაპზე რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ დამატებითი გაზი შეიძინოს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 4 მარტს.

კალაძემ და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR–ის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა 4 მარტს თბილისში 2011 წლის შეთანხმების შესწორებულ ვარიანტს მოაწერეს ხელი. იმავე დღეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და SOCAR Gas Import-Export-ის წარმომადგენლებმა 2012 წლის შეთანხმების შესწორებულ ვარიანტს მოაწერეს ხელი.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის გაზის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა SOCAR–ის პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა კალაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო წლებში გაზის მოხმარების ზრდის გამო, ქვეყანა დამატებითი მოცულობების მიღების გზებს ეძებდა. 

2010 წლიდან საქართველოში გაზის ყოველწლიურმა მოხმარებამ ორმაგ ზრდას გადააჭარბა და 2.47 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა 2015 წელს, რაც 13.8%–იანი ზრდაა 2014 წელთან შედარებით.

„რამდენიმე შეხვედრის და პროდუქტიული მუშაობის შედეგად, ჩვენმა პარტნიორმა – აზერბაიჯანის მთავრობამ და კომპანია SOCAR–ის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი მოცულობის გაზის მოწოდების თაობაზე საქართველოსთვის შაჰ-დენიზის მილსადენიდან“, – განაცხადა კალაძემ, რომელსაც ის მილსადენი ჰქონდა მხედველობაში, რომლითაც შან-დენიზიდან გაზის ტრანსპორტირება თურქეთში საქართველოს გავლით ხდება.

„ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა ექნება მომავალი წლების განმავლობაში დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს აზერბაიჯანიდან“, – დასძინა მან.

საქართველო გაზს აზერბაიჯანის ორი წყაროდან იღებს. 2015 წელს, დაახლოებით, 712 მილიონი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი იმ შეთანხმების ფარგლებში შემოვიდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის მილსადენთან დაკავშირებით მოქმედებს; ამ მილსადენის მეშვეობით შაჰ–დენიზის გაზი თურქეთს საქართველოს გავლით მიეწოდება. 2015 წელს 1.48 მილიარდი კუბური მეტრი იქნა ასევე იმპორტირებული SOCAR–თან არსებული ცალკე შეთანხმების ფარგლებში.

კალაძემ განაცხადა, რომ დამატებითი გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანს „ტექნიკური პრობლემები“ ჰქონდა, თუმცა SOCAR–ის ძალისხმევის შედეგად ეს პრობლემები მოგვარდა და საქართველო დამატებით გაზს შაჰ–დენიზის მილსადენის მეშვეობით მიიღებს.



საქართველოს გაზმომარაგება წლების და წყაროების მიხედვით 2003-2015 წლების განმავლობაში. 2015 წლის მონაცემები წინასწარია. წყარო: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

შარშან შემოდგომაზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის დამატებითი გაზის შემოტანის საკითხზე „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, იმ რაოდენობის ზევით, რომელსაც ქვეყანა უკვე იღებდა რუსული კომპანიისგან. მოგვიანებით სამინისტრომ განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები ასევე ეხებოდა სომხეთში საქართველოს გავლით რუსული გაზის ტრანზიტის პირობებს და რუსეთიდან დამატებითი მოცულობის შესაძლო შეძენას.

ამჟამად, საქართველო სომხეთში ტრანზიტის საფასურის სახით გატარებული გაზის 10%–ს იღებს; „გაზპრომს“ სურს, რომ ტრანზიტის გადასახადი საქართველოს ფინანსური ფორმით გადაუხადოს.

მონეტიზაციის შემთხვევაში, საქართველო, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს საკმარის თანხას იმისათვის, რომ იგივე რაოდენობის გაზი შეიძინოს, რასაც ის ახლა ტრანზიტის საფასურად იღებს. ამ შემთხვევაში, ქვეყანას მოუწევდა მეტი გაზის ყიდვა „გაზპრომისგან“ და მოლაპარაკებების ფარგლებში გაზის ფასიც განიხილებოდა.

თუმცა, აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის მოწოდების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრმა 4 მარტს განაცხადა: „დამატებითი მოცულობები ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს – საქართველო მომავალი წლების განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით“.

გასული თვის ბოლოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილი, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ საქართველო „პრინციპში“ არ იყო მონეტიზაციის წინააღმდეგი, თუმცა ეს ფასის მოცულობაზე იყო დამოკიდებული, რაც „გაზპრომთან“ განიხილება.

აზერბაიჯანიდან დამატებითი მოცულობის მიღების დაპირების შემდეგ, როგორც ჩანს, თბილისი უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდა რათა „გაზპრომისგან“ ტრანზიტის არსებული პირობების შენარჩუნება უფრო დაჟინებით მოითხოვოს.

„რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გადავუგზავნეთ ბოლო ჩვენი შეთავაზება და ეს არის, რომ დავრჩეთ ისევ ძველ პირობებზე, ანუ ისევ 10% მივიღოთ ნედლეულის სახით“, – განაცხადა კალაძემ 4 მარტს.

კითხვაზე SOCAR–თან შეთანხმება იმის გამოც ხომ არ გახდა შესაძლებელი, რომ „გაზპრომმა“ უფრო დაბალი ფასი შესთავაზა საქართველოს, კალაძემ უპასუხა: „შეიძლება ასეც იყოს – კონკურენცია ყოველთვის მნიშვნელოვანია ყველა სფეროში და ვფიქრობ, ნამდვილად მისასალმებელია ის შედეგი, რაც იქნა მიღწეული“.    

ირანიდან გაზის შესაძლო მოწოდების თაობაზე კალაძემ განაცხადა, რომ ეს ერთ–ერთი ვარიანტი იყო მაშინ, როდესაც საქართველო გაზის მოწოდების დამატებით წყაროებს ეძებდა. 

„თეორიულად, ამის [ირანული გაზის მიღების] შესაძლებლობა არსებობს, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენ გვაქვს გარკვეული ხელშეკრულება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ბუნებრივი აირის მოწოდებას“, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ 2018–2019 წლებში, როდესაც შაჰ–დენიზის პროექტის მეორე ფაზა დასრულდება, საქართველო დამატებითი მოცულობის გაზს კიდევ მიიღებს. კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წელს გაზსაცავის მშენებლობის დაწყება იგეგმება.

გასულ კვირას ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ 6 მარტს თბილისში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს იმ, როგორც ის აცხადებს, საეჭვო მიზნების წინააღმდეგ, რომელიც  საქართველოს ხელისუფლებას კომპანია „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში აქვს დასახული.

ენერგეტიკის მინისტრმა უარყო ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა და მას „არაჯანსაღი“ და „დემაგოგიური“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button