skip to content
ახალი ამბები

კვირიკაშვილი მმართველ კოალიციაში პოლიტიკური დაპირისპირების მოგვარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებებზე აფრთხილებს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართული ოცნების კოალიციაში „სრულიად მიუღებელი ფორმით“ დაპირისპირებულ მხარეებს დავის კოალიციის შიგნით მოგვარებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებებზე გააფრთხილა და განაცხადა, რომ განახლების საჭიროების ფონზე, „ქართული ოცნება მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც ამ პროცესს ფეხს აუწყობს“.

კოალიციის ორი სუბიექტი  – რესპუბლიკელები და მრეწველთა პარტია – უკვე კვირებია ერთმანეთს ურთიერთბრალდებებით უპირისპირდებიან. ეს კონფრონტაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მრეწველთა ლიდერმა, დეპუტატმა გოგი თოფაძემ რესპუბლიკელი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოში ოთხი თვის წინ ჩატარებული შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, რასაც რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი უწოდეს, რომელიც არა მხოლოდ რესპუბლიკელების, არამედ, მათი თქმით, მთლიანად კოალიციის წინააღმდეგ არის მიმართული. პრემიერ-მინისტრმა ამ დაპირისპირებაზე თავისი პირველი რეაქცია 19 თებერვალს გამოხატა და თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებებს „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა. თუმცა ამ განცხადებიდან ერთი კვირის თავზე პროკურატურამ არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებების გამოძიება დაიწყო, რამაც კოალიციის შიდა დაპირისპირებას ახალი გამწვავება შესძინა. 

„პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 3 მარტს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, „არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ და რის გამო დაიწყო დაპირისპირება. ეს  არ უნდა ვაკადროთ, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც 2012 წელს მხარი დაგვიჭირა, ქვეყნის მართვა გვანდო და რომლებიც საქართველოს უმრავლესობას შეადგენენ. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს, იფიქრონ და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები“.
 
„რამდენიმე დღის წინ გავაკეთე პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ კოალიციის წევრების მხრიდან თავდაცვის მინისტრის მისამართით ამ ტიპის საჯარო ბრალდებები მიუღებელია და დღესაც ამ აზრზე ვრჩები. თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თავდაცვის მინისტრი, პირველ რიგში, მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ  ჩართული“, – აცხადებს კვირიკაშვილი.
 
„საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უზრუნველყოფს. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა უდიდესი ცვლილებები 2012 წელს, უფსკრულისკენ მიმავალი ქვეყანა დააბრუნა ისტორიული განვითარების გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
„დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს განახლების პროცესი, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე, თუნდაც ერთი ადამიანის ღვაწლის დავიწყებას“, – ამბობს კვირიკაშვილი და მისი ეს პოზიცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს იზიარებს, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის განახლების საჭიროებაზე საუბარი ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო.
 
„ქართული ოცნება აუცილებლად იქნება ისეთი ძლიერი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეროვნულ ღირებულებებზე, განვითარებაზე, პროგრესზე  და ამ გზით საქართველო არა მხოლოდ მექანიკურად შეუერთდება ევროპას, არამედ, ქართული ტრადიციული და კულტურული ღირებულებებით გაამდიდრებს ევროპულ ოჯახს და მისი სრულფასოვანი წევრი გახდება“, – ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში.
 
„ქართული ოცნება მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც ამ პროცესს ფეხს აუწყობს, ვისთვისაც ამგვარი პოლიტიკური ხედვა სისხლხორცეული გახდება, ვინც შეძლებს, დაძლიოს ვიწროპარტიული და ჯგუფური ინტერესები და გაერთიანდეს მთავარი მიზნის – ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარშემო“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
 
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას“, – აცხადებს კვირიკაშვილი. 

მრეწველთა ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ ის მიესალმება პრემიერ-მინისტრის „ძალიან კარგ“ განცხადებას.

რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ „მოულოდნელად შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში სიცხადის შესატანად“ პარტიის უფლებამოსილი პირები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს „დღესვე“ შეხვდებიან.

"რესპუბლიკური პარტია კომენტარებს აღნიშნულ შეხვედრამდე არ გააკეთებს", – ნათქვამია პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის მოკლე წერილობით განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button