skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძე დაამტკიცა

პარლამენტმა 2 მარტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ეკონომისტი, კობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალ წევრად 81 ხმით დაამტკიცა.

გვენეტაძემ, რომელიც საბჭოს წევრად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა წარადგინა,  ეროვნული ბანკის საბჭოში ის ადგილი დაიკავა, რომელიც თებერვლის ბოლოს გახდა ვაკანტური მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის 7-წლიანი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.

ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შვიდწევრიანმა საბჭომ უნდა შეარჩიოს  საკუთარი რიგებიდან და წარუდგინოს პრეზიდენტ მარგველაშვილს დასამტკიცებლად.

გასულ თვეს გამართული საკომიტეტო მოსმენების დროს  გვენეტაძის მიერ გამოთქმული შეხედულებები, ძირითადად, თანხვედრაში იყო ეროვნული ბანკის მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან.

ქართული ოცნების ბევრი დეპუტატი კენჭისყრამდე თავს იკავებდა კანდიდატურის ღია მხარდაჭერისგან. მათ, ძირითადად, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს თაობაზე გვენეტაძის პოზიციის გამო უჭირდათ გადაწყვეტილების მიღება.

პარლამენტმა 2015 წლის ივლისში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთვა და ცალკე სააგენტოს გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯს ფართოდ აკრიტიკებდნენ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ივლისის ბოლოს ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა 3 სექტემბერს პარლამენტმა ეს ვეტო დაძლია. კანონი საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა და მისი აღსრულება შეჩერდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკომიტეტო მოსმენების დროს გვენეტაძემ მიანიშნა, რომ ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შენარჩუნებას უფრო ემხრობოდა ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, ვიდრე მის გადაცემას ცალკე სტრუქტურისთვის.

გვენეტაძე ახალი თანამდებობის დაკავებამდე ეკონომიკურ საკითხებში კომპანია Galt and Taggart-ის მრჩევლად მუშაობდა, 2002-2015 წლებში კი მას ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში უფროსი ეკონომისტის თანამდებობა ეკავა. მანამდე ის სახელმწიფო სამსახურში იყო და 2001-2002 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2000-2001 წლებში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო.

მსგავსი/Related

Back to top button