skip to content
ახალი ამბები

სოფელ ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე სასაფლაოს გამო დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

სოფელ ადიგენის ადგილობრივმა მართლმადიდებელმა და მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა სასაფლაოს თაობაზე დაპირისპირების ორდღიანი ესკალაციის შემდეგ 2 მარტს შეთანხმებას მიაღწიეს.

ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე მუსლიმი და მართლმადიდებელი სასულიერო პირების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ, რომ სოფელში არსებული სასაფლაო გაფართოვდეს და მუსლიმთა თემისთვის გამოიყოს მიმდებარე მიწის ფართობი, რომელიც ქრისტიანთა სასაფლაოსგან ბარიერით იქნება გამიჯნული და ასევე ექნება ცალკე შესასვლელი.

ეს შეთანხმება თითქმის არ განსხვავდება იმ რეკომენდაციისაგან, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ადიგენის გამგეობის მიმართვის შემდეგ 25 თებერვალს მიიღო და რისი აღსრულების დაწყების გამოც ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს 29 თებერვალს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მუსლიმი თემის წარმომადგენლები, რომლებიც სოფელში უმცირესობას შეადგენენ, ცალკე სასაფლაოს მოწყობას გასული წლიდან მოითხოვდნენ, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებოდნენ.

ადგილობრივი მუსლიმების თქმით, ქრისტიანი ახალგაზრდების ჯგუფი თავს მაშინ დაესხა, როცა ისინი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაქარია ენდელაძესთან ადგილზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხს განიხილავდნენ. ორშაბათს მომხდარი ამ დაპირისპირების დროს მუსლიმი თემის სამი წარმომადგენელი დაშავდა.

პოლიციას არავინ დაუკავებია ამ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელზეც გამოძიება სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო ადამიანის დევნის სისხლის სამართლებრივი მუხლით დაიწყო. იმავდროულად, შსს-მ მხარეებს „პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან“ თავშეკავებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „მკაცრი ზომების“ დაუყოვნებლივ მიღებაზე გააფრთხილა.

2 მარტს გავრცელებულ განცხადებაში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს სამართალდამცავებს „უმოკლეს ვადაში" გამოიძიოს ფიზიკური დაპირისპირების ეს ფაქტი, რათა "სამართალდამცავების დაგვიანებული ან არაჯეროვანი რეაგირება კიდევ ერთხელ არ გახდეს ძალადობის წახალისების საფუძველი“.

სახალხო დამცველმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების მხრიდან რელიგიური მოტივით მომხდარ წინა ძალადობრივ ინციდენტებზე პასუხის გაუცემლობა, ამგვარი შემთხვევების გამეორებას უწყობს ხელს.

2013 წლიდან მოყოლებული ეს უკვე მესამე ინციდენტია, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტში რელიგიურ ნიადაგზე ჰქონდა ადგილი. 2013 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთიდან მინარეთის დემონტაჟი განახორციელა, რასაც ადგილობრივ მუსლიმების პროტესტი მოყვა; სამი თვის შემდეგ მინარეთი აღადგინეს. 2014 წლის ოქტომბერში სოფელ მოხეში მდებარე ნახევრად დანგრეულ შენობაზე დავას ადგილობრივ მუსლიმ თემსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოყვა.

საქართველოს შესახებ 1 მარტს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ორგანომ,  ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI), განაცხადა, რომ ხელისუფლებას „არ მიუღია ადეკვატური ზომები ქვეყანაში რელიგიურ შეუწყნარებლობასთან გასამკლავებლად“ და ასევე ვერ აამოქმედა კანონი, რომელიც რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს დაიცავდა მათზე განხორციელებული იმ თავდასხმების დროს, რომლებიც რელიგიური შეუწყნარებლობით იყო მოტივირებული.

„ამის ნაცვლად, ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი შეეცადნენ აემოქმედებინათ ადგილობრივი მედიაციის მექანიზმები, მოუწოდებდნენ დომინანტურ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მოლაპარაკებოდნენ ადგილობრივ მუსლიმ თემს ისლამოფობიური თავდასხმების შემდეგ“, – ნათქვამია მოხსენებაში.

მსგავსი/Related

Back to top button