skip to content
ახალი ამბები

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი განისაზღვრა

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე მას შემდეგ, რაც 3 თებერვალს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიური მოხსნებით მიმართავს, დებატები ფრაქციების ლიდერების გამოსვლის რეჟიმში გაგრძელდება.

ეს ფორმატი, რომელსაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს, პარლამენტის ბიურომ 2 თებერვლის სხდომაზე დაადგინა და თითოეულ ფრაქციას გამოსვლის 15-წუთიანი რეგლამენტი განუსაზღვრა.

ოპოზიციონერი დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან და თავისუფალი დემოკრატებიდან დებატების მეორე ფორმატს ითხოვდნენ, რომელიც ფრაქციების ლიდერთა გამოსვლებთან ერთად ასევე ითვალისწინებს  პარლამენტის ცალკეული წევრების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას, თუმცა მათი ეს წინადადება არ გავიდა.

ამასთან, 2 თებერვალს ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტში მოქმედი ფრაქციების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, რადგან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში მეოთხე ფრაქცია ჩამოაყალიბეს.

ახალ ფრაქციაში, სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის“, შემდეგი დეპუტატები გაერთიანდნენ: გიორგი ღვინიაშვილი, აზერ სულეიმანოვი, შოთა მალაშხია, როლანდ ახალაია, ნიკოლოზ ყიფშიძე და კობა ნაყოფია.

შედეგად, 3 თებერვალს დებატებში მონაწილეობის უფლებით ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი 7 ფრაქცია, ნაციონალური მოძრაობის უმცირესობაში შემავალი 4 ფრაქცია და „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციური ფრაქცია ისარგებლებენ.

ეს ამ მოწვევის პარლამენტში, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2016 წლის ოქტომბერში ეწურება, პრეზიდენტ მარგველაშვილის მესამე გამოსვლა იქნება ყოველწლიური მოხსენებით, რომელსაც ასევე დაესწრება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად.

მსგავსი/Related

Back to top button