ახალი ამბები

ელისაშვილი ქართული ოცნების ორ დეპუტატს ზეგავლენით ვაჭრობაში ადანაშაულებს და საპარლამენტო გამოძიებას ითხოვს

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ პროკურატურა გამოძიების „ჩაფარცხვის“ მცდელობაში დაადანაშაულა და მოუწოდა პარლამენტს, საკუთარი გამოძიება დაიწყოს მის ბრალდებებზე, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების ორი დეპუტატი მასზე გადამეტებულ ზეგავლენას ახდენდა 2010 წლის „კოკაინის საქმეზე“ დაკავებული რამდენიმე მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლების ლობირების ფარგლებში.

ალეკო ელისაშვილმა, რომელიც 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ზაფხულამდე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, სანამ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ მაჟორიტარად აირჩევდნენ, განაცხადა დეკემბრის დასაწყისში, რომ „გავლენიანი პოლიტიკოსები“ მმართველი კოალიციიდან მასზე გავლენის მოხდენას  ცდილობდნენ კონკრეტული პირებისთვის შეწყალების მოპოვების კუთხით. მას შემდეგ, რაც ელისაშვილმა საჯაროდ გაახმოვანა ეს ბრალდებები, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ელისაშვილი აცხადებდა, რომ ის ამ პირების ვინაობასაც დაასახელებდა, თუ გამოძიების მსვლელობაში პროგრესს ვერ დაინახავდა.

22 დეკემბერს ელისაშვილმა განაცხადა ორ დამოუკიდებელ ინტერვიუში ტელეკომპანიებთან  „რუსთავი 2“-თან და „მაესტრო“-სთან , რომ მას „ნულოვანი ნდობა“ აქვს პროკურატურის მიმართ და აღნიშნა, რომ ნაცვლად იმის, რომ ნამდვილად გამოიძიონ მისი ბრალდებები, პროკურატურა საქმის „ჩაფარცხვას“ ცდილობს.

ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეზე მინიშნებით ელისაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის თავმჯდომარედ მისი არჩევის პირველი დღიდანვე, ქართული ოცნების ეს ორი დეპუტატი დიდ დაინტერესებას იჩენდა მხოლოდ ერთი საქმის მიმართ –  იმ მსჯავრდებულებთან მიმართებაში, რომლებსაც ხანგრძლივი პატიმრობა აქვთ მისჯილი 2010 წლის ე.წ. „კოკაინის საქმესთან“ დაკავშირებით, რომელზეც მაშინ შსს–მ განაცხადა, რომ „საერთაშორისო ნარკოკარტელს“ უკავშირდებოდა. მისი თქმით, ორივე დეპუტატი დაჟინებით ითხოვდა ამ მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას.

„ხან მირეკავდნენ, ხან მესიჯებს მიგზავნიდნენ, ხან ადვოკატი მათი სახელით მოდიოდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, 2013 წლის დეკემბერში „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებულების შეწყალების განაცხადი ავტომატურად არ დაკმაყოფილდა, რადგანაც ისინი ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის საჭირო კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ. დაახლოებით სამი თვის შემდეგ, როდესაც იგივე მსჯავრდებულებმა ისევ წარადგინეს განაცხადები, ელისაშვილის თქმით, ამ ორმა დეპუტატმაც განაახლა ინტენსიური ლობირება.     

მისი თქმით, აპრილის ბოლოს მან მიიღო რამდენიმე „ისტერიული, კატეგორიული“ მოკლე ტექსტური შეტყობინებები კობახიძის მობილურიდან, რომელშიც ნათქვამი იყო, თუ როგორ გაბედა მან და არ გაითვალისწინა მისი თხოვნა ამ მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ელისაშვილმა განაცხადა, რომ მან ეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები პრეზიდენტ მარგველაშვილს აჩვენა. პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძემ დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა მართლაც ნახა ეს გზავნილები, თუმცა მათ შინაარსზე საუბრისგან თავი შეიკავა; კოჟორიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახლო თანამშრომლობა აქვს პროკურატურასთან მიმდინარე გამოძიების კონტექსტში.

ელისაშვილი აცხადებს, რომ მან თავისი მობილური ტელეფონი, სადაც ეს გზავნილები ინახებოდა, გამომძიებლებს გადასცა და ასევე მიანიშნა, რომ ამ გზავნილების ასლებიც გააჩნია.   

გასულ კვირას მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ მას არასდროს გაუგზავნია არც ელისაშვილისთვის და არც ვინმე სხვისთვის მუქარის ან ზეწოლის შემცველი რაიმე შეტყობინება.

თუმცა, კობახიძემ დაადასტურა მისი ინტერესი „კოკაინის საქმესთან“ დაკავშირებული  მსჯავრდებული პირების მიმართ, რადგანაც ის ხუთი წლის წინ მიმდინარე სასამართლო პროცესზე მათი ადვოკატი იყო. მისი თქმით, მას მიაჩნდა და ახლაც მიაჩნია, რომ ეს საქმე შეთითხნილი იყო.

მან ასევე დაადასტურა, რომ კომისიას თხოვდა განაცხადის შესწავლას, რათა ეს საქმე „თაროზე არ შემოდებულიყო“.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ ელისაშვილს მატყუარა უწოდა და უარყო ბრალდებები, რომელიც მისი და კობახიძის წინააღმდეგ მიმდინარე „ბინძური“ პოლიტიკური კამპანიის ნაწილია.

ელისაშვილი აცხადებს, რომ ორი დეპუტატის ინტენსიური ლობირება ამ მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე „სერიოზული ეჭვი“ წარმოშვა ქრთამის შესაძლო აღებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოფიციალურმა პირმა, რომლის დასახელებისგანაც ის ამ ეტაპზე თავს იკავებს, უთხრა მას შარშან, რომ ბესელიამ და კობახიძემ ავანსის სახით 200 000 აშშ დოლარი აიღეს და კიდევ 1.5 მილიონი აშშ დოლარი უნდა მიეღოთ „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში. მსჯავრდებულთა ადვოკატმა უარყო ეს ბრალდება.

ელისაშვილი აცხადებს, რომ მას ამ ინფორმაციის წყარო გამოძიებისთვის ჯერ არ დაუსახელებია და დასძინა, რომ ის დაასახელებდა ამ პირის ვინაობას, რომ დაენახა პროკურატურის დაინტერესება „ნორმალურ“ გამოძიებაში. მან ამ წყაროს       „კონკრეტული თანამდებობის პირი“ უწოდა, რომელსაც კვლავ უკავია ოფიციალური თანამდებობა, თუმცა არა ის თანამდებობა, რომელიც მას ეკავა, როდესაც ინფორმაცია სავარაუდო ქრთამის აღების თაობაზე ელისაშვილს გაანდო. 

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ 2014 წლის აგვისტოში მან მაშინდელ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს გიორგი გოგაძეს მიაწოდა ინფორმაცია ქართული ოცნების ორი დეპუტატის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების შესახებ. ელისაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ პროკურატურამ ეს საქმე უგულვებელყო და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო გამოძიება, რაც მან დეკემბრის დასაწყისში საჯაროდ ისაუბრა ამის შესახებ. გოგაძემ, რომელიც კვლავ მთავარი პროკურორის მოადგილეა, უარყო შარშან ელისაშვილისგან ინფორმაციის მიღების ფაქტი.

22 დეკემბერს ელისაშვილმა  პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ზვიად კვაჭანტირაძეს მის ბრალდებებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსოლუტურად დავრწმუნდები, რომ ყველა შტო ხელისუფლების ცდილობს, რომ ხელი დააფაროს კორუმპირებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც პატიმართა ბედით ვაჭრობდნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება, რომელიც სულ ორიოდე კვირის წინ დაიწყო, კვლავ გრძელდება პროკურატურის მიერ და ამ უწყებას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ დაასრულოს ის პარლამენტის ჩარევის გარეშე.

„გამოძიება მიმდინარეობს, ძალიან ბევრი ადამიანი დაიკითხა და მიმდინარეობს სამუშაოები… რაც შეეხება საბოლოო დასკვნას პროკურატურის მხრიდან, ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ. ვერანაირი საგამოძიებო კომისია ამ კონკრეტულ საქმეში პროკურატურის საქმეს ვერ შეასრულებს… ძალიან რთული იქნება პარლამენტისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ვინმე უნდობლობას უცხადებს სამართალდამცავ სისტემას, ჩვენ ჩავანაცვლოთ სამართალდამცავი სისტემა და ვაკეთოთ მათი საქმე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ელისაშვილმა ასევე მოითხოვა მანანა კობახიძისთვის პარლამენტის ვიცე–სპიკერის უფლებამოსილების და ეკა ბესელიასთვის საპროკურორო საბჭოს წევრობის შეჩერება. მან ასევე მოითხოვა გამოძიების პროცესში მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის უფლებამოსილების შეჩერება. 

მსგავსი/Related

Back to top button