ახალი ამბები

სასესხო ხელშეკრულებები 77.6 მლნ ევროს ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად

ორი კონტრაქტის ღირებულება, რომელთაც საქართველომ ზაფხულში მოაწერა ხელი და რომლებიც საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას ეხება, 77.63 მილიონ ევროს შეადგენს.

კონტრაქტების ღირებულება იმ სასესხო ხელშეკრულებებშია მოყვანილი, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა რატიფიკაციისთვის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პირველ ხელშეკრულებას კომპანია  ThalesRaytheonSystems (TRS)-თან, რომელიც სახმელეთო სათვალთვალო რადარებს, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო და საკონტროლო სისტემებს აწარმოებს, 15 ივნისს მოაწერა ხელი

მეორე კონტრაქტი თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ევროპულ კომპანია MBDA-სთან გააფორმა.

მაშინ ოფიციალურმა პირებმა არც კონტრაქტების ღირებულებაზე და არც მათ შინაარსზე არ გაავრცელეს ინფორმაცია.

ინფორმაცია, თუ რა ტიპის აღჭურვილობას და მომსახურებას იძენს საქართველო, კვლავ კონფიდენციალურია, თუმცა კონტრაქტების ღირებულება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველომ ხელი მოაწერა სასესხო ხელშეკრულებებს რომლითაც საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა უნდა დაფინანსდეს. 

ამ სასესხო ხელშეკრულებებს ფრანგულ ბანკ Société Générale–თან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 8 დეკემბერს მოაწერა ხელი.

82.82 მილიონი ევროს ოდენობის 5–წლიანი სესხი მხარდაჭერილია კრედიტების დაზღვევის ფრანგული სააგენტოს Coface-ს მიერ.

სესხის მთლიანი მოცულობიდან 52.65 მილიონი ევრო მოხმარდება აღჭურვილობის და მომსახურების შეძენას ThalesRaytheonSystems–სგან, რომელიც რადარებს, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო სისტემებს აწარმოებს.

24.98 მილიონი ევრო მოხმარდება კომპანია MBDA–დან შესყიდვების დაფინანსებას.

დარჩენილი 5.19 მილიონი ევრო სესხთან დაკავშირებული რისკების შემსუბუქებას და სხვა ხარჯებს მოხმარდება, მათ შორის Coface–სთვის სესხის სადაზღვევო პრემიას.

სასესხო ხელშეკრულებების განხილვას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს 16 დეკემბერს წარედგინა რატიფიცირებისთვის, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი მიმდინარე კვირას გეგმავს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button