ახალი ამბები

მთავარი პროკურორის არჩევის ახალი წესი მიღებულია პირველი მოსმენით



მთავარი პროკურატურის შენობა თბილისში.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო ცვლილებები პროკურატურის შესახებ კანონში, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევისა და დამტკიცების ახალ წესს განსაზღვრავს, თუმცა ოპონენტების თქმით, ეს შემოთავაზება პროკურატურის სრული დეპოლიტიზაციის თაობაზე გაცხადებულ მიზანს არ პასუხობს.

ახალი წესი ჩაანაცვლებს, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, მარტივ, თუმცა გაუმჭვირვალე მოქმედ პროცედურას, რომლის თანახმადაც,  მთავარ პროკურორს, რომლიც უწყებაც, კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის, პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.

კანონპროექტი, რომლის მეორე და მესამე მოსმენით მიღებაც საშემოდგომო სესიაზე იგეგმება, მთავარი პროკურორის არჩევის უფრო რთულ პროცედურას ითვალისწინებს პარლამენტისა და ახალი კოლეგიური ორგანოს – საპროკურორო საბჭოს ჩართულობით და ამ პროცესში მთავრობასა და იუსტიციის მინისტრს კვლავ მნიშვნელოვანი როლი უნარჩუნდებათ.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვენეციის კომისიამ თვის დასაწყისში თავისი წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნა.

ამ რეკომენდაციების უმეტესობა გადამუშავებულ კანონპროექტში აისახა, თუმცა არა ყველა მათგანი  – მთავრობის გადამწყვეტი როლი მთავარი პროკურორის წარდგენის პროცესში კვლავ ძალაში რჩება.

კანონპროექტი ითვალისწინებს 15-წევრიანი ახალი ორგანოს – საპროკურორო საბჭოს შექმნას, რომელსაც მთავარი პროკურორის კანდიდატურის ამორჩევის, ისევე როგორც მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების პროცესში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება. ვენეციის კომისია მიესალმა ამ საბჭოს შექმნის გეგმას, როგორც პროკურატურის „დეპოლიტიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯს“.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი იქნება.

8 წევრს საბჭოში პროკურორთა კონფერენცია აირჩევს, რაც ასევე კანონპროექტის ნოვაციას წარმოადგენს.  კონფერენცია არის საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება და მისი ერთადერთი უფლებამოსილება სწორედ საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევაა.

2 ადგილს საპროკურორო საბჭოში პარლამენტის დეპუტატები დაიკავებენ, რომელთაგანაც ერთს საპარლამენტო უმრავლესობიდან, ხოლო მეორეს იმ დეპუტატთაგან აირჩევს პარლამენტი 76 ხმით, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში.

2 ადგილს დაიკავებენ საერთო სასამართლოების ის მოსამართლეები, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო აირჩევს.

2 დარჩენილ ადგილს კი 15-წევრიან საპროკურორო საბჭოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი ის კანდიდატები დაიკავებენ, რომელთაც პარლამენტი 76 ხმით აირჩევს.

კანონპროექტის თანახმად, მთავარ პროკურორად შეიძლება აირჩეს მაღალი ავტორიტეტის მქონე, ნასამართლეობის არ მქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს მოსამართლედ ან პროკურორად მუშაობის სულ ცოტა 5-წლიანი გამოცდილება მაინც ან  არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან, რომელიც „იმავდროულად არ ეწევა საადვოკატო საქმიანობას“. ადვოკატობასთან დაკავშირებული აკრძალვა, შესაძლოა მეორე მოსმენისთვის გადაიხედოს, განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განხილვისას.

მთავარი პროკურორის კანდიდატის შერჩევის პროცესი, კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის მინისტრის აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებით იწყება.

ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს სამ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის. მინისტრმა ასევე უნდა დაასაბუთოს ეს წარდგინებები.

საპროკურორო საბჭომ წარდგენილ კანდიდატთაგან ერთი უნდა შეარჩიოს არანაკლებ 2/3-ით ანუ სულ ცოტა 10 ხმით. ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტი ხმა საბჭოს თავმჯდომარეს – იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის. თუ ვერცერთი კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ დააგროვებს, მაშინ მეორე ტურში ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი გადავა, თუმცა თუ ვერც ამ შემთხვევაში მიიღებს რომელიმე ხმების 2/3-ს, მაშინ კანდიდატების დასახელების პროცედურა თავიდან იწყება, კანონპროექტის თანახმად.

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის მიერ დაბლოკვის შემთხვევაში, ახალი კანდიდატის წარდგენისთვის პროცესი ხელახლა იწყება.

ვენეციის კომისიამ განაცხადა თავის რეკომენდაციებში, რომ მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცედურა ძალიან ბევრ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს მოიცავს და „გაურკვეველია, რისთვის უნდა სჭირდებოდეს მთავრობას, რომლის შემადგენლობაშიც იუსტიციის მინისტრი შედის, იმ კანდიდატზე თანხმობის მიცემა, რომელიც უკვე წარდგენილია მინისტრის მიერ და დამტკიცებული საპროკურორო საბჭოს მიერ“. 

„აღმასრულებელი შტო უკვე საკმარისად ახდენს გავლენას მინისტრის მეშვეობით წარდგინების ეტაპზე; მთავრობის დამატებითი თანხმობა… არასაჭირო მოთხოვნა იქნებოდა ამ პროცესში“, – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

ქართული ოცნების დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელია, 24 ივლისს განხილვის დროს განაცხადა, რომ მეორე მოსმენისთვის უნდა გაგრძელდეს მსჯელობა წარდგენის პროცესიდან მთავრობის როლის შესაძლო გამორიცხვის თაობაზე.

კანონპროექტის არსებული ვარიანტით, თუ მთავრობა შეთავაზებულ კანდიდატურას მოიწონებს, პროცესი ინაცვლებს პარლამენტში, სადაც სულ ცოტა 76 ხმა არის საჭირო ფარული კენჭისყრით ახალი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 6 წლით ასარჩევად. ერთი და იგივე პირი მთავარ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

ვენეციის კომისიამ განაცხადა თავის წინასწარ მოსაზრებებში, რომ მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესის ყველა ეტაპზე „ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ“.

„თუ რეფორმის მიზანი, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის წერილშია ნათქვამია, არის ‘მთავარი პროკურატურის სრული დეპოლიტიზაციის’ მიღწევა, მაშინ ის პროცედურა, რომლითაც მთავარი პროკურორი ინიშნება, უნდა გადაიხედოს და მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის გავლენა შემცირდეს“, – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

კომისიის რეკომენდაციით, ამის ერთი გზა არის მთავარი პროკურორის არჩევა პარლამენტში ხმების კვალიფიცირებული უმრავლესობით. თუმცა, მოქმედ პარლამენტში არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ დეპუტატები ჩვეულებრივ ჩიხში შედიან ხოლმე, როდესაც საქმე ეხება გადაწყვეტილებების მიღებას ხმების 2/3–ით – ეს არის სულ ცოტა 100 დეპუტატის ხმა (ქართულ ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში 87 დეპუტატია). ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ერთი შესაძლო გამოსავალი იქნება სხვადასხვა ინსტიტუციური აქტორების ჩართვა პროცესში იმ შემთხვევაში, თუ გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა; ამგვარი აქტორები შეიძლება იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან „სხვა რომელიმე ნეიტრალური ფიგურა ან ორგანო, რომელსაც საბოლოო სიტყვის თქმით უფლება ექნება“ მთავარი პროკურორის დანიშვნის საქმეში.   

თუმცა ვენეციის კომისიამ ასევე განაცხადა, რომ დეპუტატების კვალიფიცირებული უმრავლესობით მთავარი პროკურორის არჩევა შესაძლოა არც იყოს საჭირო, თუ საპროკურორო საბჭოს ექნება საკმარისი დამოუკიდებლობა, რათა თავიდან აიცილოს პოლიტიკური ჩარევა. ამ რეკომენდაციის გათვალისწინების მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ საპროკურორო საბჭოს წევრთა რაოდენობა თავდაპირველი 9–დან გადამუშავებულ კანონპროექტში15–მდე გაზარდა, რათა ის უფრო „ინკლუზიური“ გახდეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 24 ივლისს, რომ ის ვენეციის კომისიას მეორე მოსმენის წინ კანონპროექტის კიდევ ერთი ექსპერტიზის თხოვნით მიმართავს.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობისა და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს იმ მოტივით, რომ ის ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის დეპოლიტიზაციას.

ოპოზიციონერი დეპუტატები მთავარი პროკურორის წარდგენის პროცესში პრეზიდენტის ჩართვისკენ მოუწოდებენ, როგორც ეს ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული. თუმცა ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდეს, ვინაიდან პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მისი ახლანდელი უფლებები კონსტიტუციით არის განსაზღვრული; კონსტიტუციის თანახმად კი, მთავარი პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურაა. მთავრობა კონსტიტუციაში ცვლილებებისთვის მზაობას არ გამოთქვამს.

 „გამოვხატოთ პოლიტიკური ნება და წავიდეთ საკონსტიტუციო ცვლილებების გზით“, – მოუწოდა საპარლამენტო ძალებს „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა შალვა შავგულიძემ 24 ივლისს თავის გამოსვლაში და წინააღმდეგ შემთხვევაში გააფრთხილა, რომ  „მივიღებთ და ვიღებთ უარეს პროკურატურას, უფრო შეფარულს, დაფარულს, მხოლოდ კონტროლის ქვეშ და პასუხისმგებლობის გარეშე მმართველი პოლიტიკური ძალისა“.

„ეს კანონპროექტი, ვფიქრობთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროკურატურის დამოუკიდებლობის და დეპოლიტიზაციის უზრუნველყოფის მიმართულებით. ეს არ არის საბოლოო, ის, რაც ამ ინსტიტუტის მიმართ უნდა გაკეთდეს; კიდევ გვექნება სერიოზული სამუშაო ჩასატარებელი, მაგრამ ეს ეტაპი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ განხილვისას.

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას, ბიზნეს ასოციაციასა და მედია საშუალებას აერთიანებს, ცოტა ხნის წინ განაცხადა: „მთავრობის მიერ კანონპროექტის გადამუშავებულ ვერსიაში გაზიარებული ცალკეული რეკომენდაციების მიუხედავად, ცვლილებების სულისკვეთება და მიმართულება არსებითად არ შეცვლილა. ამდენად, კოალიციას მიაჩნია, რომ კვლავ რჩება არაერთი ინსტიტუციური გამოწვევა პროკურატურის სისტემის სრული დეპოლიტიზირების გზაზე“.

მეორე მოსმენისთვის, რომელიც საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება, კანონპროექტი როგორც ჩანს, კიდევ შეიცვლება.

თუმცა ახლა მთავრობა ჩქარობდა მისი  პირველი მოსმენით მიღებას, რადგანაც პროკურატურის რეფორმა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულების ნაწილია. ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მთავარი პროკურორის დანიშვნა და გათავისუფლება „უნდა განხორციელდეს ღიად, დამსახურების მიხედვით, ობიექტური და გამჭირვალე გზით და თავისუფალი უნდა იყოს არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button