მთავარი / ახალი ამბები / შსს-ის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიღებულია

შსს-ის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიღებულია

პარლამენტმა 3 ივლისს ორდღიანი განხილვების შემდეგ მეორე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა სქელტანიანი პაკეტი, რომელიც შსს-ის გაყოფას და შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 აგვისტოდან შექმნას ითვალისწინებს.

პირველი მოსმენით მიღებულმა ვარიანტი საპარლამენტო განხილვების შედეგად დაიხვეწა მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის საპოლიციო და უსაფრთხოების უფლებამოსილებათა გამიჯვნის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარლამენტისადმი ანგარიშვალდებულების გაზრდის და ასევე უსაფრთხოების რეჟიმების შემოღების კუთხით, რაც ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ ე.წ. ოდეერების პრაქტიკას.

რეფორმის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამჟამად შსს-ის სტრუქტურაში შემავალი შემდეგი დანაყოფები შევლენ: კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, ანტიკორუფციული სააგენტო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი – ამ უკანასკნელს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ევალება.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებები კანონპროექტში მკაფიოდ განისაზღვრა და ის მოიცავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამკლავებას, მათ შორის კონსტიტუციური წყობილების და მისი ძალადობრივი გზით დამხობისგან დაცვას, ასევე საგარეო საფრთხეების თავიდან აცილებაზე მუშაობას, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ტერორიზმთან და კორუფციასთან, ისევე როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. 

ამ დანაშაულთა პრევენციის, ასევე რისკებისა და გამოწვევების ანალიზის ფუნქციებთან ერთად, უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების წარმოების და ბრალდებულთა ძებნა-დაკავების უფლებაც ექნება; თუმცა უწყების ფარგლებში ერთიანი საგამოძიებო სამსახური არ ჩამოყალიბდება. როგორც შსს-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გამოძიების უფლება მხოლოდ შემდეგ ოთხ დანაყოფს ექნება: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო და ანტიკორუფციული სააგენტო.

მეორე მოსმენისათვის კანონპროექტში უფრო დეტალურად გაიწერა სამსახურის უფროსის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები. კერძოდ, სააგენტოს უფროსის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრი  სთავაზობს მთავრობას, რომელიც მოწონების შემთხვევაში, 1 კვირის ვადაში განკარგულებით წყვეტს მისი პარლამენტისთვის წარდგენის საკითხს; დეპუტატები წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავენ და 76 ხმით, ფარული კენჭისყრით ნიშნავენ სამსახურის უფროსს. როგორც მთავრობისთვის, ისე პარლამენტისთვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

სამსახურის უფროსისთვის, რომელიც 6 წლის ვადით იკავებს თანამდებობას და არ შეიძლება ამ პოსტზე ზედიზედ ორჯერ დაინიშნოს, კანონპროექტი მინიმალურ კრიტერიუმებს ადგენს, რომლის მიხედვითაც, ის უნდა იყოს არანაკლებ 35 წლის ქმედუნარიანი, უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ ექნება ორმაგი მოქალაქეობა. ის ასევე არ უნდა იყოს პარტიული პირი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სამსახურის უფროსი პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს  – უშიშროების საბჭოს მეათე მუდმივი წევრი გახდება.

მეორე მოსმენისთვის ასევე უფრო დეტალურად გაიწერა უსაფრთხოების სამსახურის პარლამენტთან ანგარიშვალდებულების საკითხები. კერძოდ, სამსახურის უფროსი ვალდებულია, რომ 1 აპრილამდე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგეს. ამასთან, ერთად ის მოთხოვნის შემთხვევაში „ვალდებულია“ დაესწროს საპარლამენტო მოსმენებს და დეპუტატებს საქმიანობის არაგეგმიური ანგარიში წარუდგინოს. პარლამენტს ამ ანგარიშის საფუძველზე შეეძლება შეაფასოს სამსახურის უფროსის საქმიანობა და თავისი რეკომენდაციები შესაბამის დადგენილებაში ასახოს.

ასევე მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში აისახა დებულება, რომლის მიხედვითაც პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ მესამედს შეეძლება დასვას სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი და მიუთითოს ამისთვის კონკრეტული საფუძვლები, თუ ასეთი გამოიკვეთება მისი ანგარიშის მოსმენის ფარგლებში.

ასევე პარლამენტი თავისი ინიციატივით ან მთავრობის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი იმ შემთხვევაში, თუ ის ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და დაიკავა შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას. მთავრობას სამსახურის უფროსისთვის მხოლოდ უფლებამოსილების შეჩერების უფლება ექნება და ისიც იმ დრომდე, ვიდრე პარლამენტი მიიღებს ამ საკითხზე დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას. პარლამენტი სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებას სულ ცოტა 76 ხმით იღებს, თუმცა თუ ეს საკითხი ჩავარდება, 6 თვის განმავლობაში მისი განმეორებით დასმა დაუშვებელია, კანონპროექტის თანახმად.

პირველი მოსმენისთვის კანონპროექტის ერთ-ერთ ყველაზე სადავო დებულებას წარმოადგენდა სხვადასხვა დაწესებულებებში უსაფრთხოების ოფიცრის, ე.წ. ოდეერის დანიშვნის წლების მანძილზე არსებული პრაქტიკა, რომლის შენარჩუნებასაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფთან ერთად ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ცალკეული დეპუტატები, მათ შორის ქართული ოცნების უმრავლესობაში შემავალი რესპუბლიკელები.

მართალია თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, რომელიც შსს-ის მიერ მომზადებული ამ კანონპროექტის წარმდგენია, აცხადებდა, რომ ოდეერების ინსტიტუტის გაუქმების წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ მეორე მოსმენისთვის მან განაცხადა, რომ ინიციატორებმა გაიზიარეს კრიტიკა და დათანხმდნენ იმ პუნქტის კანონპროეტიდან ამოღებას, რომელიც „უსაფრთხოების ოფიცერთან“ დაკავშირებულ რეგულაციებს ეხებოდა.

თუმცა მეორე მოსმენისთვის კანონპროექტს იმავდროულად დაემატა ახალი დებულებები, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია დაადგინოს უსაფრთხოების დაცვის რეჟიმი იმ მაღალი რისკის მატარებელ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში, რომელთა ნუსხასაც მთავრობა დაადგენს.  კანონპროექტის თანახმად, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო საიდუმლო დოკუმენტს და მოიცავს უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტირებას, რეჟიმის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს და მითითებების სავალდებულო შესრულების წესს,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაღალი რისკის სუბიექტებთან აფორმებს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებაში, კანონპროექტის თანახმად, შეიძლება განისაზღვროს მხარეებს შორის თანამშრომლობის სახეები და ფარგლები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უსაფრთხოების რეჟიმის შესრულების მონიტორინგის მიზნით თავისი წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი.

ოპოზიციონერთა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ამგვარი წარმომადგენლის დანიშვნა ფაქტიურად იგივეა, რაც ე.წ. ოდეერების პრაქტიკის გაგრძელება, მინისტრის მოადგილე იზორიამ უპასუხა, რომ ეს „არსებითად განსხვავებული“, დასავლურ პრაქტიკაზე დაფუძნებული მოდელია და „საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს ოდეერების ინსტიტუტთან“.

მთავარი განსხვავება, მისი თქმით, ის არის, რომ საზოგადოებისთვის ღია ხდება იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც უსაფრთხოების რეჟიმი შეიძლება განხორციელდეს. მისივე თქმით, ამ რეჟიმის დაცვის თაობაზე ხელშეკრულება მხარეებს შორის ნებაყოფლობით ურთიერთობას ეფუძნება და თუ სუბიექტს არ ექნება სურვილი, რომ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი დაინიშნოს, მაშინ იქ მონიტორინგი ინსპექტირების ან სხვა ალტერნატიული ფორმით განხორციელდება.

იზორიამ ასევე განაცხადა, რომ ის „გამორიცხავს“, რომ მთავრობის მიერ დასადგენი ობიექტების ნუსხაში მოხვდნენ ბანკები ან საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგან  უსაფრთხოების რეჟიმი ძირითადად შეეხება ისეთი ტიპის ობიექტებს, როგორიცაა პორტები, რკინიგზა, ენერგეტიკული ობიექტები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ თუ ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი შსს-ის მექანიკურ გაყოფას ითვალისწინებდა, მეორე მოსმენისთვის გადამუშავებული პროექტი „არის არა მხოლოდ ტექნიკური გამოყოფა, არამედ ეს არის თვისობრივად ახალი სამსახურის შექმნა“.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ ინიციატივას, რადგან ის არ პასუხობს გამოწვევებს, რომელიც დაკავშირებულია უკონტროლო ფარულ მოსმენებთან და ოდეერების პრაქტიკასთან; ამასთან, მათი თქმით, შსს-ის ფორმალური გაყოფა წარმოშობს დამატებითი ხარჯების გაწევის საჭიროებას და უწყებებს შორის პარალელიზმს.

ოპოზიციურმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ ახალი სისტემა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ უსაფრთხოების სამსახურები „პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის მექანიზმად“ აღარ იქნება გამოყენებული.

„ის დაპირება, რომელიც იყო გაცემული ქართული ოცნების მხრიდან, რომ [შსს] გაიყოფოდა, შეიძლება ითქვას, რომ შესრულებულია, მაგრამ ნამდვილად არ გვაქვს იმის განცდა, რომ ის იყოფა იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს სწორი მიმართულებით. აქედან გამომდინარე ამ კანონპროექტს მხარს ჩვენ ვერ დავუჭერთ“, – განაცხადა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ „თავისუფალი დემოკრატებიდან“.

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის, აცხადებს, რომ მართალია ამ მიმართულებით თითქოს გადაიდგა ნაბიჯი წინ, მაგრამ „ასეთი სისტემის გარკვეული სახით შენარჩუნება მაინც საბჭოურ გადმონაშთს წარმოადგენს“.

„ჩვენ მივესალმებით, ზოგადად, შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფას, თუმცა ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტით შინაგან საქმეთა სამინისტროდან ასეთი სახით უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფით ფაქტიურად ვიღებთ მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურისათვის დამახასიათებელი დაბალი გამჭვირვალობის სტანდარტით“, – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

მისი თქმით, კვლავ პრობლემად რჩება უსაფრთხოების სამსახურში „ევროპის საბჭოს პრინციპების“ საწინააღმდეგოდ საგამოძიებოს ფუნქციის დატოვება და ასევე მოსმენა-მიყურადების მოქმედი სისტემის გადატანა, „რამდენადაც ეს წარმოშობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხეს“.

About wpadmin