skip to content
ახალი ამბები

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდა


შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრება, 26 იანვარი, 2005 წელი.

შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად ვახტანგ გომელაური დაინიშნა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 იანვარს.

ვახტანგ გომელაური, რომელიც წლების განმავლობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2013 წლიდან მუშაობდა; 2014 წლის დეკემბერში მოადგილეების ცვლილების შედეგად ის მინისტრის პირველ მოადგილედ დაწინაურდა.

2002 წელს გომელაური დაცვის პოლიციაში მუშაობდა, ხოლო 1994 წლიდან სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურში სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსად მსახურობდა.

ახალი მინისტრის საკმაოდ ხანმოკლე სატელევიზიო წარდგენისას პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ვახტანგ გომელაური „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი მოლოდინები გაამართლოს, ხალხის მოლოდინები და იყოს წარმატებული მინისტრი“.

„ბატონი ვახტანგი გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, თავისი წესიერებით, თავისი უანგარობით, საქმისადმი და ქვეყნისადმი ერთგულებით და თავისი პრინციპულობით… მას აქვს კარგად გააზრებული ის სიმძიმე, რომელიც თან ახლავს ამ თანამდებობას და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო, მაგრამ ეს სამინისტრო არ არის მისთვის ახალი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.  

„ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი ოცწლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს ითვლის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოღვაწეობა“, – განაცხადა გომელაურმა, „ვეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება“.  

39 წლის გომელაური ახალ პოსტზე ალექსანდრე ჭიკაიძეს შეცვლის, რომლის განაცხადი თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა.

ალექსანდრე ჭიკაიძემ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი 28 წლის ასაკში 2013 წლის ნოემბრიდან დაიკავა, შეცვალა რა ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრად დაწინაურებული ირაკლი ღარიბაშვილი, 23 იანვარს თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ის ტოვებს თანამდებობას, რადგან ჩრდილი არ მიადგეს ხელისუფლებას იმ ბრალდებების გამო, რომ თითქოს ის ხელს აფარებდა 2006 წლის მაისში საპოლიციო სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ლიკვიდაციაში მონაწილე პირებს.

ბრალდებები, რომელიც ჭიკაიძემ უარყო, ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა გაახმოვანა მანამდე, ვიდრე 20 იანვარს მისი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპებოდა. 

დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას გეგმავს; ამჟამად ამ უწყების დაქვემდებარებაში მთელი რიგი ძალოვანი სტრუქტურები შედიან დაწყებული პოლიციის, უშიშროების და დაზვერვის სამსახურებით და დამთავრებული საზღვრის დაცვის სტრუქტურებით.

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობს, განაცხადა 26 იანვარს, რომ გომელაურს „რთულ პერიოდში“ მოუწევს შსს–ს ხელმძღვანელობა.

მისი თქმით, დაგეგმილია შსს–ს რეფორმირება და ახალი მინისტრის როლი ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება.

გომელაურმა 26 იანვარს ჟურნალისტების კითხვებს, მათ შორის სამინსტროს რეფორმირების თაობაზე, არ უპასუხა.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button