skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტის საახალწლო მიმართვა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა თავის საახალწლო მიმართვაში მოსახლეობისადმი, რომ 2014 წელი „უმნიშვნელოვანესი“ იყო საქართველოსთვის და მომავალ წელს ქვეყანა განაგრძობს თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის გზას.

„2014 წელი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დალხენილად არ ვცხოვრობთ, ამ წელს ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით“, – განაცხადა პრეზიდენტმა, „ჩვენ გადავდგით ნაბიჯი ჩვენი წინაპართა ოცნებისაკენ, ვიცხოვროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ, კეთილდღეობაზე დამყარებულ საზოგადოებაში“.

„მომავალ წელს ამ გზას კიდევ უფრო ღირსეულად განვაგრძობთ და ეს საბოლოოდ თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება. მჯერა, რომ ჩვენს მრავალსაუკუნოვან კულტურაში ჩვენ გაგვაჩნია ყველაფერი ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ გვაქვს ნიჭი და უნარები და თუ ძალისხმევას არ დავიშურებთ, საქართველო გახდება ძლიერი, ერთიანი ქვეყანა, რომელშიც თითოეულს გვექნება შესაძლებლობა ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ოჯახებს და ჩვენ სამშობლოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ასევე მიულოცა ახალი წელი „ჩვენ თანამოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“.

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ასევე მთავარსარდალია, თავდაცვის სამინიტროს მართვის ცენტრს ესტუმრა და შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, მათ შორის იმ სამხედროებს, რომლებიც ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მსახურობენ, ახალი წელი მიულოცა. 

„მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ამაყობს თქვენით“, – მიმართა მარგველაშვილმა სამხედროებს ვიდეო ჩართვის მეშვეობით და დასძინა, რომ საქართველო მშვიდად გრძნობს თავს მათი სამსახურის წყალობით. „თქვენ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდეს იცავთ. მომავალში ჩვენ ყველას გველის ნათელი, მშვიდობიანი, გაერთიანებული საქართველო, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button