პროკურატურის განცხადება სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებაზე
დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილი 19 ერთეული უძრავ-მოძრავი ქონება იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8.83 მლნ ლარის გაფლანგვაში ედება ბრალი, განაცხადა მთავარმა პროკურატურამ პარასკევს.
„ვინაიდან, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, იგი გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამ მოტივებიდან გამომდინარე, პროკურატურის განცხადებით, მისი შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 აგვისტოს დაადო ყადაღა ქონებას და ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა, 3 სექტემბერს ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
პროკურატურის ამ განცხადებას 19 სექტემბერს რამდენიმე საათით უსწრებდა ექს- პრეზიდენტის ადვოკატის, ოთარ კახიძის მიერ ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე, რომ ქონება დაყადაღებული იყო. ადვოკატის თქმით, ეს არის „პოლიტიკური დაკვეთით“ განხორციელებული „პრიმიტიული შურისძიება“.
პროკურატურის ინფორმაციით, დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სახლი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რვა ნაკვეთი ყვარელში, რომელთა საერთო ფართობიც 1.9 ჰექტარს შეადგენს და HONDA ACCORD-ის მარკის 1988 წელს გამოშვებული ავტომანქანა.
ასევე დაყადაღებულია სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის კუთვნილი 154 კვ.მ. ბინა და 164 კვ.მ. მანსარდა, რომელიც თბილისში ბარნოვის ქუჩაზე მდებარეობს; მისი დედის, გიული ალასანიას კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სამი ნაკვეთი ყვარელში საერთო ფართით 1 898 კვ.მ, ბათუმში მდებარე 172.80 კვ.მ. ბინა და კომპანია „იუჯი ბაღში“ მის საკუთრებაში არსებულ 50 %-იან წილი; მიხეილ სააკაშვილის ბებიის, მზია წერეთლის საკუთრებაში არსებული 197 კვ.მ. მშენებარე ბინა თბილისში – ჭავჭავაძის გამზირზე, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში 500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 2010 წელს გამოშვებული TOYOTA RAV4 -ის მარკის ავტომანქანა; და მიხეილ სააკაშვილის მამის, ნიკოლოზ სააკაშვილის კუთვნილი TOYOTA LANDCRUISER LC 200-ის მარკის 2014 წელს გამოშვებული ავტომანქანა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის ქონების დაყადაღების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „ძალიანაც კარგი თუ დაუყადაღეს“.
„მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის ექსპონატი. მე არ მინდა მასზე ვისაუბრო“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გარდაბანში, სადაც სასათბურე მეურნეობის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრო; ეს პროექტი საპარტნიორო ფონდისა და ფრანგული ,,რიშელ ჯგუფის“ ინვესტიციებით ხორციელდება.
„ჩემი ქონება კი არ დააყადაღეს, საქართველო დააყადაღეს; საქართველოში გააჩერეს ყველა პროცესები“, – განუცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–სნიუ–იორკიდან 19 სექტემბერს.
მან ასევე განაცხადა, რომ მისი ქონების დაყადაღება არ არის მთავარი პრობლემა. ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე მინიშნებით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა არის „ოლიგარქი“, რომელიც მართავს ქვეყანას, რის შედეგადაც „მოშლიშლია მთავარი ღერძი სახელმწიფოებრიობის“.
„საქართველოს მართავს ერთი უწიგნური, მობანდიტო… მახინჯი სულის პატრონი ოლიგარქი, რომელიც შემომჯდარა თავის უზარმაზარ სასახლეში და თვითონ იღებს ყველა გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზე იძებნება გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებებით, რასაც ის უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა. პროკურატურის განცხადებით, ექს-პრეზიდენტზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად პროცედურები მიმდინარეობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)