skip to content
ახალი ამბები

ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო თბილისის ხედებს ათვალიერებენ პრეზიდენტის სასახლის შუშის გუმბათიდან, 12 ივნისი. ფოტო: ევროკომისიის აუდიოვიზუალური სამსახური

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ხუთშაბათს მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, რათა კიდევ ერთხელ გამოუხატოს მხარდაჭერა თბილისს, რომელიც კიშინიოვთან ერთად 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს.

საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბაროზომ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა რუსეთთან დისკუსიებში ჩაერთოს, თუ მოსკოვს წუხილები გააჩნია და სურს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ზოგიერთი ასპექტი „გაარკვიოს“, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

ბაროზომ ასევე ხაზი გაუსვა: „ჩვენ მტკიცედ უნდა დავდგეთ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენულ უფლებასთან მიმართებაში, რომ თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი“.

„ევროკავშირი არაფერს ახვევს საქართველოს თავზე. საქართველომ გააკეთა არჩევანი და ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ საქართველოს არჩევანს მხარი დავუჭიროთ“.

„ჩვენ ამ ხელშეკრულებებს ექსკლუზიურად არ მივიჩნევთ. საქართველოს, რა თქმა უნდა, შეუძლია სხვა ქვეყნებთანაც გააფორმოს სხვა შეთანხმებები“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, „ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით საქართველოს ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან. ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან ვაფორმებთ, რომელთაც ასევე აქვთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები სხვა ქვეყნებთან. ვაჭრობას კონფრონტაციად არ აღვიქვავთ, არამედ ვაჭრობას ჩვენ ვხედავთ, როგორც თანამშრომლობას“.

„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი სურვილი, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ რუსეთთან, რათა განვიხილოთ ამ შეთანხმებების კონკრეტული განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მხრიდან რაიმე წუხილებს ექნება ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ შეთანხმებებს, რომლებზეც ამ ქვეყნების მთავრობებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ იქნება გარკვეული წუხილები, რაიმე ტექნიკური საკითხები, რომელთა გარკვევაც ჩვენ რუს პარტნიორებს სურთ, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 22 მაისს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს სუვერენული უფლებაა, მაგრამ თბილისს უნდა ესმოდეს, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას და იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ რუსეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შარშან ქართული ღვინის და სხვა პროდუქციის იმპორტზე ემბარგო მოხსნა.

ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით  „იწყება უმნიშვნელოვანესი ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.

„ჩვენ ვახორციელებთ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ევროკავშირის წევრობისკენ“, – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ამისთვის „გაერთიანებულია არა მხოლოდ სახელისუფლებო გუნდი, არამედ მთელი ქართული საზოგადოება“.   

ბაროზომ გაიმეორა ის, რაც მან გასულ თვეს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უთხრა მას და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის იანვარში ბრიუსელში, რომ რუსეთი „არ აპირებდა რაიმე ტიპის უარყოფით ქვედებას საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს“.

„ვიმედოვნებ, პრეზიდენტი პუტინი შეასრულებს თავის სიტყვას“, – განაცხადა ბაროზომ.

‘თავიდან აიცილეთ გადაჭარბებული პოლარიზაცია’

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო „ერების ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება“ და საუკეთესო გზა საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოვებლად რეფორმების გაგრძელებაა.

მან განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის „ლიდერია“ მისი ყოფილი და ამჟამინდელი მთავრობების წყალობით.

„მან უკვე განახორციელა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ბოლო წლებში; მეტი იქნება საჭირო“, – განაცხადა ბაროზომ.

„მთავარია, რომ საქართველო დარჩეს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლების და დამოუკიდებელი სასამართლოს გზაზე“, – დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა: „ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება“.

„მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ეჭვები არჩევნების თავისუფლებასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით; ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება“, – განაცხადა ბაროზომ და დასძინა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც იქნება.  

ბაროზომ ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია თავიდან იქნას აცილებული „გადაჭარბებული პოლარიზაცია“, რამაც შესაძლოა ზიანი მოუტანოს „იმ კარგ იმიჯს, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობაში ლიდერობის თვალსაზრისით გააჩნია“. 

მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა:  „უმნიშვნელოვანესია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ – საქართველომ“.

„ის წარმატებები, რომელსაც ჩვენ ვაღწევთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან…. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული კურსი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმ დემოკრატიულ პროცესზე, რომელიც საქართველოში დაიწყო და რომელსაც, დარწმუნებული ვარ, აქვს მხოლოდ პოზიციური პერსპექტივა“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

„მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდა 2013 წელს, ჩვენი პარტნიორების მიერ იქნა შეფასებული, როგორც ევროპული სტანდარტის არჩევნები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებზეც ჩვენ გვექნება პოზიტიური შეფასება და გაიმარჯვებენ პოლიტიკური ძალები, მაგრამ პირველ რიგში, გაიმარჯვებს ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით შესაძლოა ცდილობდეს ან ფიქრობდეს იმის თაობაზე, რომ რაიმე ტიპის გადაცდომა იყოს არჩევნებში, მინდა მოვუწოდო მათ, რომ ძალიან ფრთხილად მოექცნენ იმ იმიჯს, რომელიც მთელმა საზოგადოებამ შევქმენით საქართველოს თაობაზე. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც პოლიტიკურ ძალებს აქვთ თავისუფალი და კონკურენტული გარემო. ბუნებრივია, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამ იმიჯს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებზე ჩვენ ამ იმიჯს განვამტკიცებთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზო „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის“ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

13 ივნისს ბაროზო სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციაზე, რომელიც კიშინიოვშიც გაიმართა და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბიზნესის შესაძლებლობების განხილვას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საშუალებით ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის კონტექტსში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button