ახალი ამბები

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა დამოუკიდებლობის დღეს



პრეზიდენტი მარგველაშვილი დამოუკიდებლობის დღეს ახალწვეულების მიერ ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლამდე, 26 მაისი, 2014. ფოტო: ინტერპრესნიუსი

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ახალწვეულების მიერ ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას თითოეული მოქალაქისთვის თავისუფლების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა „ჯერ კიდევ მყიფეა“ და ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი „ისევ ოკუპირებულია“, ხოლო სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას „ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების დაცულობასა და მათი უფლებათა დაცვაზე, ისინი ჯერ კიდევ მავრთულხლართს მიღმა იმყოფებიან“ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. 

200 ჯარისკაცის მიერ ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ერთ–ერთი მთავარი ოფიციალური ღონისძიება იყო, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ოფიციალური პირები, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრნენ.  მართალია სამხედრო აღლუმი არ გამართულა, შარშანდელი დამოუკიდებლობის დღის მსგავსად, მაგრამ  სამხედრო კომპონენტი კვლავ წარმოდგენილი იყო, რადგანაც თბილისში  და ზოგიერთ სხვა ქალაქში სხვადასხვა ჯავშანმანქანები და შეიარაღება გამოიფინა ქუჩებში.

ჯარისკაცების ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, რომლის დროსაც ასევე გამოვიდნენ სიტყვით პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა ერთად გაისეირნეს რუსთაველის გამზირზე, სადაც სამინისტროებს თავიანთი საქმიანობის შესახებ გამოფენები ჰქონდათ მოწყობილი – ანალოგიური ღონისძიება მთავრობამ 2009 წლის სექტემბერშიც გამართა. საზოგადოებრივ ღონისძიებაზე პრემიერ–მინისტრი და პრეზიდენტი  მათ შორის დაპირისპირების თაობაზე არსებული სპეკულაციების ფონზე გამოჩნდნენ ერთად. უთანხმოების ნიშნები ბოლოს გამოვლინდა საკითხზე, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან სოცირების შესახებ შეთანხმებას ივნისში.          

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მართალია საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა, ხანმოკლე იყო, მაგრამ საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის აპრილში აღიდგინა და ეს საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე გააკეთა, რომელიც, მისი თქმით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლების მონაწილეობით გაიმართა (რეფერენდუმი არ გამართულა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების ზოგიერთ ნაწილში, რადგანაც იქ იმ დროს უკვე მიმდინარეობდა სეპარატისტული მოძრაობები). 

„დღეს, თბილისიდან მე მსურს მადლობა ვუთხრა მავრთულხლართების მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა თავისუფალი ნების საფუძველზე აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანი სახელმწიფო შევქმენით“, – განაცხადა მარგველაშვილმა, „მინდა ვუთხრა მათ, რომ ის ემოცია, რომელიც 23 წლის წინ გვქონდა, არც ერთი წამით არ შენელდება და საქართველოს განვითარდება როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო. ამ ნებას – ვიცხოვროთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში ახალი ძალით შევასხამთ ხორცს და ამ მიმართულებით სვლას არც ერთი წამით არ შევაჩერებთ“. 

მისი თქმით, დამოუკიდებლობა აუცილებელი პირობაა შემდგომი წინსვლისთვის, მაგრამ „მიზანი არის თავისუფლება“.

„დამოუკიდებელი სახელმწიფოები არსებობენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი არ არის თავისუფალი“, – განაცხადა მარგველაშვილმა, „ქვეყნის თავისუფლება არის ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქის თავისუფლებათა ჯამი“.

„თავისუფალია ქვეყანა, რომლის მოქალაქენიც თავისუფალნი არიან. ეს კი ნიშნავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა თავისუფლებებს. ეს ნიშნავს გამოხატვის თავისუფლებას, ეს ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას, ეს ნიშნავს მედიის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, ეს ნიშნავს რწმენის არჩევისა და მისი აღსრულების თავისუფლებას; ეს ნიშნავს შრომის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას, ეს ნიშნავს უფლებას არა თუ არ იყო დაჩაგრული რაიმე ნიშნით, არამედ იყო დაცული“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ თავისუფლება არის პასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს სხვების თავისუფლების პატივისცემას და დაცვას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button