ახალი ამბები

საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა

საფრანგეთის ქალაქ ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლომ 27 თებერვალს უარი განაცხადა დაეკმაყოფილებინა საქართველოს მოთხოვნა ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის თაობაზე.

კეზერაშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ ექსტრადიციის მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

კეზერაშვილი, მის მიმართ ორ საქმეზე წაყენებული ბრალდებების საფუძველზე, საქართველოს მოთხოვნით საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს; ის ოთხ თვეზე მეტი ხნით წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა და ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლომ თებერვლის დასაწყისში ელექტრონული დაკვირვების პირობით გაათავისუფლა.

ფრანგმა მოსამართლემ 27 თებერვალს კეზერაშვილს ნაწილობრივი შინა პატიმრობა და ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებაც მოუხსნა.

„ველოდებოდი, რა თქმა უნდა, ამას. ძალიან მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთის სასამართლომ იმიტომ, რომ ორივე საქმე ჩემს წინააღმდეგ იყო აბსოლუტურად ხელოვნური“, – განაცხადა კეზერაშვილმა და დასძინა, რომ მის წინააღმდეგ საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული.

დავით კეზერაშვილი, რომელიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია, 2004 წლიდან 2006 წლის ბოლომდე საქართველოს ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ, 2008 წლის დეკემბრამდე თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.

კეზერაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ შარშან თებერვლის ბოლოს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა ტელეკომპანია „იმედის“ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მას ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება, ასევე მითვისება-გაფლანგვა. ამასთან, კეზერაშვილს კორუფციული ბრალდებები აქვს წაყენებული მეორე საქმეზე, რომელშიც მას პროკურატურა 12.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღებას ედავება 2007-2012 წლებში ეთილის სპირტის კონტრაბანდული სქემის მფარველობისთვის.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პროკურატურა აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დავით კეზერაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთის სასამართლომ უარი თქვა მის ექსტრადიციაზე.

„ეს გადაწყვეტილება არის სულ ცინცხალი“, – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს ამ თემაზე კომენტირებისას, „ჩემთვის ცნობილია ის, რომ არის უარი [ექსტრადიციაზე].  მე ძალიან ვწუხვარ, რომ  ფრანგი მოსამართლე აღმოჩნდა ისეთი უთანასწორო პირობების წინაშე, როგორიც იყო ძვირადღირებული კეზერაშვილი ერთ მხარეს და მეორე მხარეს ფრანგი პროკურორი და არა ქართველი პროკურორი, რომელმაც ამ ძვირადღირებულ ადვოკატს, როგორც ჩანს, ღირსეული და სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია იმისთვის, რომ ფრანგ პროკურორს ქართველი სამართალდამცავის სახელით ევალებოდა დაეცვა ჩვენი ინტერესი“.

„ეს ასე ვერ მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზერაშვილი გაამართლა რაიმეში. საქართველოში ბრალი მის წინაშე არის წაყენებული და ასეთადაც დარჩება. უბრალოდ, მე ვწუხვარ, რომ კეზერაშვილს არ მიეცემა საშუალება ჩამოსულიყო და აქ გაებათილებინა, თუკი ის ასე თვლის, მის წინააღმდეგ წაყენებული ქართველი პროკურორის ბრალდებები“, – განაგრძო მან, „ყოველ შემთხვევაში ამით ჩვენი სამუშაო ამოწურული არ არის. მე ვიცი, რომ პროკურატურა აგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ დღეს თუ არა ხვალ ბატონი [კეზერაშვილი] იქნას ჩამობრძანებული ქვეყანაში იმისთვის, რომ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას“.

30 იანვარს პროკურორმა სოლანჟ ლეგრასმა განუცხადა სასამართლოს, რომ მას ექსტრადიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით „დიდი ეჭვები“ აქვს, რომელიც, მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდა, იტყობინება AFP.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button