ახალი ამბები

EUMM-ის ხელმძღვანელის ახალი მოადგილე

ეუთოს ყოფილი მაღალი რანგის წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიერ ომის დაწყების შესახებ ხუთი წლის წინ გაკეთებულ განცხადებებს თბილისში აჟიოტაჟი მოყვა, კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ის საქართველოში სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნა.

ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცერი, რაიან გრისტი საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო. მისი არასანქცირებული ვიზიტი ცხინვალში 2008 წლის 12 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს მას სამსახურის ფასად დაუჯდა. როდესაც 2008 წლის ნოემბერში მან რამდენიმე დასავლურ მედია საშუალებას ინტერვიუები მისცა და საქართველო 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალზე განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმაში დაადანაშაულა, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეჭვი გამოთქვა, რომ ის რუსეთის ჯაშუში იყო, რომლის განცხადებებიც რუსული „პროპაგანდის“ ნაწილი იყო.

2014 წლის იანვრის ბოლოს გრისტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დაიწყო მუშაობა მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ; მისიას, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ განთავსდა საქართველოში, 200–ზე მეტი უიარაღო დამკვირვებელი ჰყავს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტას უწევენ მონიტორინგს, თუმცა სეპარატისტულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

13 თებერვალს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც ხუთი წლის წინ ხელისუფლებაში იყო, დაგმო გრისტის დანიშვნა მისიაში და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ გრისტმა დატოვოს ქვეყანა. ოფიციალურად, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს საშუალება გავლენა იქონიოს მისიის პერსონალის დაკომპლექტებაზე.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს პიროვნება რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

"ჩვენ, ცხადია, ვთვლით, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს დღეს ჩვენი ქვეყნის ხელში და ის ძალიან მნიშვნელოვან როლს არსულებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საქმეში … მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიყენოს ყველა ის ბერკეტი, რომელიც მას გააჩნია და მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ბატონმა გრისტმა დატოვოს არა მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, არამედ დატოვოს საქართველო“.    

 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა განუცხადა ქართულ ტელეკომპანებს 13 თებერვალს, რომ რაიან გრისტის  მის მოადგილედ დანიშვნამ სხვადასხვაგვარი რეაქციები გამოიწვია თბილისში. კლაარმა განაცხადა, რომ გრისტი საფუძვლიანი შესარჩევი პროცესის შედეგად დაინიშნა და იგი კანდიდატებს შორის საუკეთესო იყო; მან ასევე განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ გრისტი მისიის ხელმძღვანელის კარგი მოადგილე იქნება.

ევროკავშირის სადამკვირვენლო მისიაში მუშაობის დაწყებამდე გრისტი ნიგერიაში კონფლიქტების თემატიკაზე ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებულ პროგრამაში მუშაობდა. 2010–2011 წლებში  იგი მუშაობდა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სტაბილიზაციის საკითხებში მრჩეველად – პოსტი, რომელზეც ის ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ იყო აყვანილი.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მინისტრმა პოსტ–კონფლიქტური მოგვარების საკითხებში მურატ ჯიოევმა, რომელიც 2008 წელს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, განუცხადა რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან „ეხო კავკაზას“ 13 თებერვალს, რომ გრისტი „ძალიან ობიექტური“ პიროვნება იყო და მას წარმატება უსურვა ახალ თანამდებობაზე საქართველოში; თუმცა მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ცხინვალის პოზიცია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მანდატი არ გააჩნია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button