ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოს სტუმრობს
ნატოს სამხედრო კომიტეტმა, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებისგან შედგება, 11 თებერვალს საქართველოში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო.
კომიტეტი, რომელიც სამხედრო საკითხებში რეკომენდაციებს აძლევს ალიანსის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, 12 თებერვალს თბილისში სხდომას გამართავს, რომელშიც საქართველოს გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ მარგველაშვილთან, პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან.
მინისტრმა ალასანიამ განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ალიანსისთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნოს და შეაფასოს ქვეყნის მზადყოფნა ნატოში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად.
„შეხვედრაზე განხილული იქნება ის მიზნები და ამოცანები, რომლებიც დასახული გვაქვს ნატოსკენ მიმავალ გზაზე. პროგრესი სახეზეა და ეს მათი ვიზიტითაც დასტურდება“, – განაცხადა საქართველოს გენშტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ 11 თებერვალს.
ეს ნატოს სამხედრო კომიტეტის პირველი ვიზიტია საქართველოში. ვიზიტი თავდაპირველად 2012 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის მაშინდელი უფროსი გიორგი კალანდაძე დააპატიმრეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)