ახალი ამბები

ღარიბაშვილი პროკურატურას მერაბიშვილის მიერ ‘შეკვეთილი მკვლელობის’ სწრაფად გახსნისკენ მოუწოდებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „კატასტროფაა“, როდესაც ვანო მერაბიშვილი ორი ადამიანის ლიკვიდაციას უკვეთავს და პროკურატურას მოუწოდა „ძალიან მალე გახსნას“ ეს საქმე.  

მას შემდეგ, რაც 29 იანვარს დაუდგენელმა პიროვნებამ ინტერნეტში ატვირთა ვიდეო-კადრები, რომელშიც 2009 წლის მაისის მუხროვანის ე.წ. ამბოხების დროს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს ეუბნება: „ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსო. პრემია დიდია“, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო, ვინაიდან  ჩანაწერში აშკარად ჩანს უკანონო ბრძანების გაცემა, რასაც შედეგად მოჰყვა ე.წ. ამბოხის ორგანიზატორებად გამოცხადებული გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია და კიდევ ორი ადამიანის მძიმედ დაჭრა. სხვა ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში მყოფმა მერაბიშვილმა მართალია დაადასტურა ამ კადრების ნამდვილობა, მაგრამ უარყო, რომ ეს იყო ბრძანება ადამიანების ლიკვიდაციის თაობაზე და განმარტა, რომ ‘გვამებზე" საუბრისას მას მხედველობაში ჰქონდა ორი გარდაცვლილი ადამიანის მოძიება. 

„ჩემი შეფასებით, ეს არის კატასტროფა. ჩვენ ყველანი ვართ გაოცებული“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების 50-ე კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

„ამას უფრო კომპეტენტურად შეაფასებენ სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ ჩემი, როგორც მოქალაქის მხრიდან დანახული, ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენ ფაქტიურად გავხდით მოწმენი იმის, თუ როგორც დაუკვეთა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ორი გვამის ორგანიზება, ორი ადამიანის ლიკვიდაცია. დანარჩენს გამოძიება გაარკვევს.“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და პროკურატურას მოუწოდა „ძალიან მალე გაიხსნას ეს საქმე“.

„მერაბიშვილი ამბობს, რომ ‘ორი გვამი მომიტანეთ და პრემია იქნება’. ეს არის ანგარებით მოტივირებული შეკვეთილი მკვლელობა პირდაპირ. ეს არის ჩემი მხრიდან შეფასება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მან ჟურნალისტებს ურჩია, რომ ამ საქმეში მთავარი აქცენტი მერაბიშვილის ფრაზაზე გააკეთონ, გამოძიება კი თავად გააკეთებს კომენტარს იმ შემთხვევაში, თუ „გამოკვეთს სხვა ადამიანების ჩართულობას“. 

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ერთ-ერთ ფრაგმენტში ასევე ჩანს მუხროვანის ვიდეო-კადრებში და ამჟამად მიუნხენს სტუმრობს, როგორც თავად განაცხადა, უკრაინის ოპოზიციონერ ლიდერთან ვიტალი კლიჩკოსთან შესახვედრად, თავი აარიდა კომენტარს ამ თემაზე.

„მე საერთო პოლიტიკაში ძალიან გთხოვთ ნუ ჩამრევთ… საკმარისი ქართული პოლიტიკა მქონდა ცხოვრებაში იმისათვის, რომ დამანებოთ თავი ამ თემაზე მაინც“, – მიმართა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button