ახალი ამბები

რესპუბლიკურმა პარტიამ ახალი თავმჯდომარე აირჩია

კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი ექვსი პოლიტიკური პარტიიდან ერთ–ერთმა, რესპუბლიკურმა პარტიამ 3 ნოემბერს ხათუნა სამნიძე ახალ თავმჯდომარედ აირჩია, რომელმაც ამ პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეცვალა. 

უსუფაშვილმა, რომელსაც ეს პოსტი 2005 წლიდან ეკავა, განაცხადა შარშან, რომ იგი არ აპირებდა პარტიის თავმჯდომარის პოსტის ხელახლა დაკავებას მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.

რესპუბლიკური პარტიის ახალი თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე 2004–2008 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი იყო და 2005 წლიდან რესპუბლიკური პარტიის წევრი.  2010  წლიდან, სანამ 2013 წელს რესპუბლიკური პარტიის საორგანიზაციო მდივანი გახდებოდა, იგი გენდერულ და კონფლიქტების საკითხებში პროექტების კოორდინატორად მუშაობდა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კვლავ რჩება 35–წევრიანი მთავარი მმართველი ორგანოს, ეროვნული კომიტეტის შემადგენლობაში.

რესპუბლიკური პარტიის 3 ნოემბრის ყრილობას ასევე ეწსრებოდნენ კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც, მათ შორის პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. თავის გამოსვლაში ივანიშვილმა შეაქო რესპუბლიკური პარტია, როგორც „ყველაზე თანმიმდევრული, ყველაზე ბრძენი და ძალიან სტაბილური პარტია“, რომელსაც „ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმ დემოკრატიულ გარდაქმნებში, რაც ბოლო წლებში ჩვენ მოვახერხეთ“. „ეს ჩემთვის ძალიან სამაგალითოა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად „ბუნებრივი სირთულეებისა“, რომელიც კოალიციაში მუშაობას უკავშირდება, რესპუბლიკური პარტია „საიმედო პარტნიორი დარჩება“ კოალიცია ქართულ ოცნებაში.

„სანამ კოალიციაში კიდევ ერთი პარტიაა, რესპუბლიკური პარტია იქ იქნება ბოლომდე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია „არასდროს არ ყოფილა სუპერპოპულარული პარტია – ჩვენ ეს ვიცით და ვიცით, რომ ეს ასევე გაგრძელდება“.

„ზოგჯერ ისმის გარკვეული ბრალდება, რომ თითქოს ‘ისეთი ქართველები არ ვართ, როგორიც უნდა ვიყოთ’, ‘ისე არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, როგორც უნდა გვიყვარდეს’. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება და ჩაეძიები ოპონენტს, რომ მაინც რა გინდა, რას გვერჩი, ვერაფერს ვერ ამბობენ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ოპონენტების კრიტიკულობის ერთ–ერთი მიზეზი არის „ლმობიერება“ ნაციონალური მოძრაობის და წინა ხელისუფლების მიმართ.        

„დამარცხებულისადმი  ჩვენი მოპყრობა განსაზღვრავს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „სანამ არ დაუმტკიცებ ვიღაცას დანაშაულს, ის ადამიანი არის უდანაშაულო, რაც არ უნდა დაბოღმილი და გაბრაზებული ვიყოთ ჩვენ ამ ადამიანებზე… დღევანდენლი მდგომარეობით ეს არის ერთ–ერთი ფრონტის ხაზი და რესპუბლიკელების ერთ–ერთი გამოცდა. ჩვენ გვიკიჟინებენ, რომ ლმობიერები ვართ დამარცხებულების მიმართ და ეს არის ერთ–ერთი ბრალდება ჩვენდამი. მეგობრებო, გავაგრძელოთ ზუსტად ასე… გავაგრძელოთ ჩვენ ეს პოლიტიკა, პატივი ვცეთ თითოეულ ადაამიანს, ყოველი ადამიანის უფლებას და დამნაშავე გამოავლინოს დამოუკიდებელმა სასამართლომ და არა ჩვენმა შეხედულებებმა. ეს არის იმდენად აუცილებელი ჩვენი ქვეყნის მშენებლობისთვის, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ დღევანდელ შესაძლო კრიტიკაზეც, რომელიც ისმის ჩვენს წინააღმდეგ“.

მან განაცხადა, რომ ყველა „შოკირებული“ იყო პოლიტიკაში წასვლის შესახებ ივანიშვილის ერთწინადადებიანი განცხადებით 2011 წლის ოქტომბერში. „დღეს გვაქვს შედეგი, რაც ამ ფრაზამ მოიტანა და კიდევ ერთხელ ჩვენ რესპუბლიკელები დიდ მადლობას გიხდით ბატონო ბიძინა ამისთვის. მე პირადად დიდ მადლობას გიხდით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე“, – მიმართა უსუფაშვილმა ივანიშვილს.

თუმცა, მან იქვე დასძინა: „მაგრამ არის ერთი ჩემი პირადი სტატუსი, რომლის გადმოსახედიდანაც მე თქვენ მადლობას არ გიხდით – ეს არის მე, როგორც საქართველოს მოქალაქე იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთთან სამადლობელი არაფერი გვაქვს, როდესაც სამშობლოს ვემსახურებით, როდესაც ქვეყნისთვის ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button