Placeholder canvas
ახალი ამბები

უსუფაშვილი: თბილისის მერის უფლებამოსილებებზე კანონპროექტში „უზუსტობებია“

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დედაქალაქის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის ავტორებს მათი ინიციატივის უკან გაწვევისკენ ან იმ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ მოუწოდა, რომელსაც თვითმმართველობის შესახებ კოდექსის პროექტი ეყრდნობა, რომლის ინიცირებაც პარლამენტში მომავალ კვირას იგეგმება.

იმის პარალელურად, რომ მიმდინარე კვირაში მთავრობამ მოიწონა თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი, ქართული ოცნების დეპუტატებმა ერეკლე ტრიპოლსკიმ და გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში დაარეგისტრირეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც თბილისის მერი უფლებემოსილების შემცირებას ეხება დედაქალაქის მთავრობის ფორმირების საქმეში.

„იქნებ იმსჯელონ ინიციატორებმა ამ პროექტის გაწვევაზე და კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანაზე ან პარალელურ, სინქრონულ რეჟიმში განხილვაზე, რომ ჩვენ არ ავცდეთ იმ ძირითად გეზს და ხაზს, რომელსაც თვითმმართველობის მიმართულებით განვახორციელებთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, „მითუმეტეს, რომ იმ პროექტში აღმოჩნდა გარკვეული სრულიად აშკარა უზუსტობები და ამას, მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტში განხილვის დროს გამოვასწორებთ ან საერთოდ სხვა პროექტზე იქნება მსჯელობა“.

პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა იმ ფაქტს, რომ მთავრობამ მოიწონა  „მრავალთვიანი სერიოზული მუშაობის შედეგად“ შემუშავებული თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი, რომელიც „ძალიან მალე საქართველოს პარლამენტში იქნება წარმოდგენილი“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

კოდექსის პროექტი რეგიონული განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, თვითმმართველობის რეფორმის კონცეფციაზე დაყრდნობით, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და ეს სტატუსი, რომელიც ამჟამად მხოლოდ ხუთ ქალაქს (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) გააჩნია, ასევე მინიჭება საქართველოს იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. ამ თვითმმართველი ქალაქებისა და მათი მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები ანუ მუნიციპალიტეტები, რომლებსაც არჩევითი ორგანოები უხელმძღვანელებენ.

ამავე კოდექსის კიდევ ერთ ნოვაციას წარმოადგენს გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული კოლეგიალური ორგანოების შექმნა, რომელშიც საკრებულოს წევრები იქნებიან წარმოდგენილნი, განაცხადა რეგიონული განვითარების სამინისტრომ. ამავე პროექტის თანახმად, სოფლის დონეზე შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებიც ადგილზე არსებული საჭიროებების დადგენას და გადაწყვეტას შეუწყობენ ხელს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button