
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრეზიდენტობის ოთხ კანდიდატს შორის დებატებს უმასპინძლა
მეხანძრეები საბურთალოს სახანძრო განყოფილებაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე 17 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს უყურებენ. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 17 ოქტომბერს პრეზიდენტობის ოთხ კანდიდატს შორის, მათ რიცხვში ქართული ოცნების კანდიდატ გიორგი მარგველაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილ დავით ბაქრაძეს შორის დებატებს უმასპინძლა.
თუმცა ამ საპრეზიდენტო მარათონის კიდევ ერთი რეიტინგული კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ამ დებატებზე არ იყო წარმოდგენილი, ვინაიდან წესებმა, რომლის საფუძველზეც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დებატების ორგანიზება მოაწყო, გამორიცხა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პირდაპირი სატელევიზიო დებატები მარგველაშვილთან და ბაქრაძესთან. სანაცვლოდ ის კანდიდატთა მეორე ჯგუფთან ერთად 18 ოქტომბერს დაგეგმილ დებატებშია მიწვეული.
ბურჯანაძემ, რომლის არაერთი გამოწვევა მარგველაშვილის მისამართით გაემართა მასთან პირისპირ დებატები, უპასუხოდ დარჩა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებულ ფორმატს „პაროდიული დებატები“ და „დადგმული შოუ“ უწოდა.
დანარჩენი ორი კანდიდატი, რომლებიც 17 ოქტომბერს მონაწილეობდა დებატებში, იყო ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე და ზურაბ ხარატიშვილი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე.
ოთხივე კანდიდატს შეკითხვები წინასწარ, დებატებამდე ერთი დღით ადრე აცნობეს და შესაბამისად, ოთხივე შეკითხვაზე პასუხები კანდიდატებს წინაწარ ჰქონდათ მომზადებული.
დებატები მაშინ გამოცოცხლდა, როცა კანდიდატები ერთმანეთთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდნენ.
სიტყვიერი შეკამათება მოყვა მარგველაშვილისადმი თარგამაძის მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა ქართული ოცნება საარსებო მინიმუმის არსებული 150 ლარიდან 250 ლარამდე გაზრდას.
მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ქრისტიან-დემოკრატების ეს წინადადება არის „სუფთა პოპულიზმი“.
„ჩვენთვის მთავარია ავამაღლოთ ის პენსიები, რომელიც არსებობს და არა ელემენტალურად ვეთამაშოთ პოპულისტურად სხვადასხვა რიცხვებს“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელსაც თარგამაძემ შეაწყვეტინა საუბარი და უთხრა, რომ თავად მისი ეს პასუხი წარმოადგენდა „პოპულიზმს“.
„დამშვიდდი, დამშვიდდი და მაცალე, ისედაც რომ გპასუხობ ესეც რამეა რა“, – უთხრა მარგველაშვილმა თარაგამაძეს, რომელმაც სარკაზმით „დიდი მადლობა“ გადაუხადა მას ამისთვის.
„ცოტა ხანი მოისვენე, თორემ მოგასვენებ“, – უპასუხა მარგველაშვილმა.
დანარჩენი ორი შეკითხვა, რომელიც თარგამაძემ მარგველაშვილს დაუსვა ეხებოდა ქრისტიან-დემოკრატების კიდევ ერთ ინიციატივას, თუ რას ფიქრობდა ის კონსტიტუციაში იმ დებულების დამატებაზე, რომ ქორწინება არის მხოლოდ მამაკაცს და ქალს შორის კავშირი და რატომ არ უჭერდა მხარს ქართული ოცნება უცხოელებზე მიწების გასხვისებაზე „გრძელვადიანი მორატორიუმის“ შემოღებას.
მორატორიუმთან დაკავშირებით, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტმა მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით 2014 წლის ბოლომდე უკვე შეზღუდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე მიყიდვა, „სანამ ეს საკითხი დეტალურად არ იქნება შესწავლილი და სანამ პარლამენტი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ერთდროულად ბიზნესის განვითარებისთვის წამახალისებელი და ამავე დროს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შელახავს“.
„ოჯახის განსაზღვრებასთან“ დაკავშირებული თემა, მარგველაშვილის თქმით, „საერთოდ ჰაერიდან არის მოტანილი“.
„ვისაც არ ესმის, რომ ოჯახი რას წარმოადგენს, იმან არკვიოს ეს თემა. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ოჯახი რა არის; რომ ეს არის ქალისა და კაცის ერთობლივად შექმნილი ინსტიტუტი, სადაც ბავშვები იზრდებიან. და დანარჩენი, ვისაც არ ესმის, მან განავითაროს ეს თემა და მან იძიოს ეს თემა მომავალში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
დავით ბაქრაძემ მარგველაშვილს ქართული ოცნების „შეუსრულებელი დაპირებების“ შესახებ ჰკითხა – რაც ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი თემაა. მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ნაციონალური მოძრაობა არაფრისგან ქმნიდა ამბავს. მისი თქმით, ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა მანდატით, რომ ოთხი წლის ვადაში შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო დაპირებები და მთავრობა მათ ეტაპობრივად ასრულებს. მან ასევე გაიხსენა 2012 წლის 25 ოქტომბერი, როცა ახალი პარლამენტი ივანიშვილის მთავრობას ამტკიცებდა და მისი თქმით, ზოგიერთი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან პასუხს სთხოვდა ჯერ არ დამტკიცებულ მთავრობას, რატომ არ იყო დახნული მიწები.
ხარატიშვილმა შეკითხვა ბაქრაძეს დაუსვა, რა დროსაც ასევე აღნიშნა, რომ მას თავდაპირველად სურდა მისი შეკითხვის ადრესატი მარგველაშვილი ყოფილიყო, თუმცა გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში ის გამოთიშება პრეზიდენტობისთვის ბრძოლას. მან ჰკითხა ბაქრაძეს, თუ რას ფიქრობდა 2008 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, როცა მან სამთავრობო აგარაკი წყნეთში ნინო ბურჯანაძეს 1 ლარად გადასცა. ბაქრაძემ უპასუხა, რომ ამ კითხვას უნდა უპასუხოს ბურჯანაძემ და არა მან.
როცა შეკითხვის დასმის რიგი მარგველაშვილზე მიდგა, მან განაცხადა, რომ არცერთ ოპონენტთან შეკითხვები არ ჰქონდა.
მარგველაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის გამოეთიშება საპრეზიდენტო მარათონს, თუ 27 ოქტომბერს პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვებს ასევე წამოწია დავით ბაქრაძემ თავის 2-წუთიან გახსნით სიტყვაში.
ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ეს არის გარკვეული ტიპის ზეწოლა ამომრჩველზე“ და „გარკვეული ულტიმატუმი ამომრჩევლის მიმართ“.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არის უპატივცემულობა ამომრჩევლის მიმართ“, – განაცხადა ბაქრაძემ, „მე პრინციპულად არასწორი მიმაჩნია მიდგომა, რომ თუ არ იქნება 50%, არაფრად ჩავაგდებთ 48-ს“.
მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში მხარდამჭერებს არჩევნებზე მაღალი აქტივობისკენ მოუწოდა.
„თუ ჩვენ არ გვექნება ასეთი ძლიერი მანდატი, ჩვენ ვერ შევძლებთ იმ ახალი ქვეყნის აშენებას, რომელსაც ერთად ვფიქრობთ“, – მიმართა მან თავის ელექტორატს.
თავის გამხსნელ სიტყვაში თარგამაძემ, რომელიც ცდილობდა გაეკრიტიკებინა როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ქართული ოცნება, განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს „ბოლშევიზმი“ იყო საქართველოში და იგივე ტენდენცია გრძელდება ქართული ოცნების მთავრობის პირობებშიც.
ზურაბ ხარატიშვილმა კი თავის გამოსვლაში, რომელსაც ძირითადად კითხულობდა, გაიმეორა ის პოსტულატები, რომლებიც მან აგვისტოში პოლიტიკაში წასვლის თაობაზე განცხადების გაკეთების დროს გაახმოვანა.
კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ოთხი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის 17 ოქტომბერს მოწყობილი დებატებიდან.
საგარეო პოლიტიკა
ოთხი შეკითხვა, რომლებიც მონაწილეებს წინასწარ გაუზიარეს და რომლებიც წამყვანმა დასვა, ეხებოდა საგარეო პოლიტიკას, ტერიტორიულ მთლიანობას, უმუშევრობის პრობლემებს და თუ როგორ აპირებს კანდიდატი, არჩევის შემთხვევაში, მთავრობასთან ურთიერთობების დამყარებას.
საგარეო პოლიტიკაზე მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „მთავარ პრიორიტეტს“ ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს.
„ამ პრიორიტეტის პარალელურად ჩვენ ვახერხებთ, რომ უაღრესად ეფექტურად დავწიოთ ის ძალიან მაღალი ტემპერატურა, რაც არის რუსეთის ფედერაციასთან“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მთავრობამ შეძლო მიეღწია პროგრესისთვის რუსეთთან სავაჭრო საკითხებზე ისე, რომ ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი არ შეუნელებია.
ბაქრაძემ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს წარმატებას აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტზე ვილნიუსში, რომლის დროსაც თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება. მისი თქმით, იგი რუსეთთან დიალოგის მომხრეა, თუმცა ამ პროცესში საქართველომ სისუსტის ნიშნები არ უნდა გამოავლინოს.
„დღევანდელი ხელისუფლება აგზავნის სისუსტის და ორჭოფობის ნიშნებს“, – განაცხადა ბაქრაძემ, „ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ გვყავდეს გამოუცდელი ადამიანი როგორც პრეზიდენტი“.
ბაქრაძემ გამოუცდელობის თემა ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას და რუსი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აღმართვასთან დაკავშირებითაც ახსენა.
„ეს თემა კიდევ ერთხელ აღძრავს კითხვას: ვინ დაიცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას 17 ნოემბრის შემდეგ, როდესაც შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია“, – განაცხადა ბაქრაძემ. ინაუგურაციის ეს შესაძლო თარიღი, რომელიც ბაქრაძემ ახსენა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება რეალური, თუ 27 ოქტომბრის არჩევნებზე მეორე ტური არ გახდება საჭირო. „გვაქვს ჩვენ ფუფუნება და უფლება, რომ არჩევანი ვანდოთ ისეთ ხალხს, რომელსაც არ აქვს გამოცდილება უსაფრთხოების და საგარეო ურთიერთობების სფეროში?“-დასძინა მან.
ტერიტორიული მთლიანობა
ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ კვლავაც უნდა განაგრძოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „კვაზი სახელმწიფოების“ არაღიარების პოლიტიკა.
„იმისათვის, რომ ჩვენ შევქმნათ წინაპირობა ქვეყნის გაერთიანების – არა ამ ტერიტორიების დაპყრობის… ამისათვის უნდა შეიქმნას ის ქვეყანა, რომლიდანაც მოქალაქეები არ გარბიან; ჩვენ ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები, მათი ინტერესები და ტრადიციები იქნება დაცული; ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეებისთვის შევქმნით საინტერესო ქვეყანას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
თარგამაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე საერთაშორისო არენაზე და უნდა დაელოდოს რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებას, რაც გარდაუვლად დასრულდება რუსეთის მარცხით. მისი თქმით, ქვეყანა ამ მომენტისთვის უნდა იყოს მზად, რათა ძლიერი გარანტიები შესთავაზოს აფხაზ ძმებს და უთხრას მათ, რომ მათი გადარჩენის ერთადერთი გარანტია საქართველოს ფარგლებშია.
ხარატიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან და სოხუმსა და ცხინვალში მის „მარიონეტულ რეჟიმებთან“ უწევს საქმის დაჭერა. მისი თქმით, ამ სეპარატისტულ რეგიონებში „რეალურად ნაციონალისტური აპარტეიდია“. მან მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკა ამ რეგიონებთან მიმართებაში და მას „პასიური“ უწოდა.
ეკონომიკა
მარგველაშვილმა პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის განცხადებები გაიმეორა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირველი წელი „რთული“ იქნება; მეორე წელს „სერიოზული გარღვევას“ მოსალოდნელი, ხოლო „რეალური შედეგები“ იქნება 2015 წლიდან.
ბაქრაძემ განაცხადა, რომ ყველა სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ეკონომიკური სიტუაცია 2012 წლის ოქტომბრიდან „ყოველდღიურად უარესდება“.
ხარატიშვილმა განაცხადა, რომ არც წინა ხელისუფლებას და არც მოქმედს არ აქვს შემუშავებული ეკონომიკური პოლიტიკა, ხოლო თარგამაძემ ძირითადად ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის შემოთავაზებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საარსებო მინიმუმის გაზრდას ითვალისწინებს. მან ასევე ისაუბრა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის სასარგებლოდ.
თანამშრომლობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის
ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის თანამშრომლობის საკითხზე ბაქრაძემ განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში მისი მთავარი როლი მთავრობის და მის მიერ გაცემული დაპირებების შესრულების კონტროლი იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ერთი გუნდი აკონტროლებდა ხელისუფლების ყველა შტოს, უფრო ადვილი იყო შეცდომის დაშვება. „საქმის გაკეთებისთვის უკეთესი იყო ამ ერთ გუნდს ყოლოდა ძლიერი მაკონტროლებელი. გავითვალისწინოთ წარსული და დღეს გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომ მთავრობას ყავდეს ძლიერი მაკონტროლებელი“, – განაცხადა მან.
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი ზოგიერთი ოპონენტის დევიზები, როგორიცაა მთავრობის პოლიტიკის გაკონტროლება ან სამართლიანობის აღდგენა, შეცდომაში შეყვანას უწყობს ხელს, რადგანაც „ასეთი უფლებამოსილებები პრეზიდენტს კონსტიტუციაში უბრალოდ არ მოეპოვება“.
„რეალურად, ახალი საკონსტიტუციო სისტემიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ფუნქცია არის დაბალანსება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ როგორც მმართველი კოალიციის მიერ დასახელებულს კანდიდატს, მას, ოპონენტებთან შედარებით, უკეთესი შესაძლებლობა აქვს ახლო თანამშრომლობა ჰქონდეს მთავრობასთან მისი პოლიტიკის განხორციელების საქმეში.
ხარატიშვილმა განაცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარის რანგში მას შესაძლებლობა ჰქონდა ყველა პოლიტიკურ ძალასთან ეთანამშრომლა და იგივეს გაკეთებას შეძლებს არჩევის შემთხვევაშიც.
თარგამაძემ განაცხადა, რომ ტყუილია, როდესაც მარგველაშვილი აცხადებს თავის გამოსვლებში, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად პოლიტიკური კოჰაბიტაცია დასრულდება. „მახინჯი კოჰაბიტაციის სისტემის გამოხატულება არის საქართველოს პარლამენტი, სადაც მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არჩევის შემთხვევაში იგი ყველა საშუალებას გამოიყენებს იმისათვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)