ახალი ამბები

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოში არსებული ორი ვაკანსია კვლავ ვერ შეავსო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით ასარჩევი ორი ადგილი კვლავ ვაკანტური დარჩა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 4 ოქტომბერს ჩააგდო წარდგენილი კანდიდატურები; პარალელურად კი მხარი დაუჭირა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესთან და მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. 

იუსტიციის საბჭოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი კანდიდატი იქნა კონკურსის გზით შერჩეული, თუმცა პარასკევს კენჭისყრის ორი ტურის გამართვის მიუხედევად, ვერცერთმა მათგანმა ასარჩევად საჭირო ხმათა 2/3 ვერ დააგროვა.

ამჟამად, 15-წევრიანი იუსტიციის საბჭო – ორგანო, რომელიც სასამართლო სისტემას კურირებს, გაზაფხულზე განხორციელებული რეფორმის შესაბამისად, სულ 13 წევრით არის დაკომპლექტებული, მათ შორისაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა წევრი და ასევე პარლამენტის მიერ ივნისში არჩეული ოთხი წევრი.

იუსტიციის საბჭოში პარლამენტს ამჟამად 6 წევრის არჩევის უფლება აქვს, საიდანაც ორი აუცილებლად ხმათა 2/3-ით უნდა აირჩეს – თუმცა შესაბამისი ხმები პარლამენტში ვერც ივნისში და ვერც დღევანდელ კენჭისყრაზე ვერ მოგროვდა. 

თუმცა ეს წესი იცვლება იმ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომელიც პარლამენტმა 4 ოქტომბერს მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ექვსი წევრიდან, რომელიც პარლამენტის ასარჩევია, ერთი წევრის დანიშვნის უფლება პრეზიდენტს გადაეცემა. ამასთან, პარლამენტი ვალდებული იქნება, მის მიერ ასარჩევი ხუთი წევრიდან, ერთი აუცილებლად მაღალი კვორუმით – ხმათა 2/3-ით აირჩიოს. 

იუსტიციის საბჭოში პარლამენტის მიერ ასარჩევი წევრების კვოტის შემცირება განაპირობა ახალმა საკონსტიტუციო დებულებებმა, რომელიც ძალაში 27 ოქტომბერს არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევა და რომელიც პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოში წევრის დანიშვნის უფლებას აძლევს. პრეზიდენტს ეს უფლება ფაქტიურად რამდენიმე თვით შეეზღუდა, როცა მას გაზაფხულზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად  იუსტიციის საბჭოში წევრის დანიშვნის უფლება ჩამოერთვა.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს, ახალი საკონსტიტუციო დებულებების თანახმად, მოსამართლეთა მინიმალური ასაკის 28 წლიდან 30 წლამდე გაზრდას და მათი უვადოდ დანიშვნის წესის შემოღებას.

ახალი წესის თანახმად, მოსამართლეებს უვადო გამწესებამდე დაუწესდებათ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა 3 ოქტომბერს პარლამენტს ამ ცვლილებების მიღების შეჩერებისკენ მოუწოდა, რათა გაგრძელებულიყო მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის შემოღება, რის შესაძლებლობასაც ახალი საკონსტიტუციო დებულება უშვებს და რაც 2010 წლის ოქტომბერში კონსტიტუციაში ამ ცვლილებების მიღების დროს ვენეციის კომისიის კრიტიკის სამიზნე გახდა.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ეს მოწოდება არ გაიზიარა, თუმცა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან შალვა შავგულიძემ 4 ოქტომბერს საპარლამენტო განხილვის დროს განაცხადა, რომ კანონით განისაზღვრება 2014 წლის 1 მაისი ბოლო ვადად იმისათვის, რომ პარლამენტმა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ვენეციის კომისიის, „ფართო ჩართულობის“ გზით კანონით განსაზღვროს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელების პროცედურები და კრიტერიუმები. 

ახალი წესის თანახმად, მოსამართლეთა საქმიანობას სამი წლის განმავლობაში მონიტორინგს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაუწევს და სწორედ მის შეფასებაზე  დაყრდნობით გადაწყდება დაინიშნოს თუ არა ესა თუ ის მოსამართლე უვადოდ.

დეპუტატ შავგულიძის თქმით, ახალი რეგულაციები თანაბარ პირობებში აყენებს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ ან მოსამართლეობის მსურველ ახალ კანდიდატებს უვადოდ გამწესების ახალი ინსტიტუტის წინაშე.

„მოქმედ მოსამართლეებსაც შეუძლიათ მოიხსნან უფლებამოსილება, მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას, გამწესდებიან 3 წლით და მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე გადაწყდება უვადოდ მათი გამწესების საკითხი; იგივე მდგომარეობა აქვთ ყოფილ მოსამართლეებს და იგივე მდგომარეობა ექნება ნებისმიერ ახალ კანდიდატს“, – განაცხადა შავგულიძემ.   

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებთან ერთად პარლამენტმა, დაახლოებით, 160 კანონში შეიტანა ცვლილებები სექტემბერ-ოქტომბრის განმავლობაში, რათა კანონმდებლობა შესაბამისობაში მოეყვანა იმ საკონსტიტუციო მოდელთან, რომელიც ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან მნიშვნელოვნად შეამცირებს მის უფლებამოსილებებს პრემიერ-მინისტრისა და ზოგადად, მთავრობის გაძლიერების ხარჯზე.

კონსტიტუციიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ კანონით პრეზიდენტს აღარ ექნება იმაზე მეტი უფლებები, ვიდრე მას ახალი საკონსტიტუციო დებულებები უსაზღვრავს. ამასთან ერთად, კანონმდებლობაში აისახა კონტრასიგნაციის ახალი წესიც, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მათ პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს. ამასთან, კონსტიტუციის ახალი მოდელით დადგენილია პრეზიდენტის ის აქტები, რომელთა შორისაა ასევე საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტები, რომელიც კონტრასიგნაციას არ საჭიროებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button