ახალი ამბები

საპროტესტო აქცია გრძელდება მინარეთის დემონტაჟის შემდეგ



კადრი "სამხრეთის კარიბჭის" ვიდეოდან, სადაც ასახულია სოფელ ჭელას მეჩეთი მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა.

საპროტესტო აქცია გაგრძელდა სამშაბათს ახალციხის პოლიციის რეგიონული სამმართველოს შენობასთან, მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მეჩეთთან აღმართული მინარეთის ძალადობრივი დემონტაჟი განახორციელა და ამით მუსულმანთა თემის პროტესტი გამოიწვია.

ჭელასა და მიმდებარე სოფლების დაახლოებით ასი მაცხოვრებელი შეიკრიბა ახალციხის პოლიციის შენობასთან მოთხოვნით, რომ გათავისუფლდნენ პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაკავებული ადგილობრივები; აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ მინარეთის დაბრუნებას, იტყობინებიან ახალციხის ადგილობრივი ტელეკომპანია მე-9 არხი და ადგილობრივი გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ თავის ვებ-გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გუშინდელი მოვლენების დროს სულ 18 მამაკაცი იქნა დაკავებული და ახლა პატიმრობაში ცხრა მათგანი რჩება. დაკავებულიდან სამს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად, ხოლო დანარჩენი ექვსი, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ბრალდებით არის დაკავებული.

„გვეუბნებიან, რომ დაკავებულებს რამდენიმე საათში გამოუშვებენ, ამიტომ, ხალხს მოთმინებისკენ მოვუწოდე“,  – იტყობინება „სამხრეთის კარიბჭე“ ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც ახალციხეში იმყოფება.

პატარა სოფელი ჭელა, ადიგენის რაიონში ახლომდებარე სხვა სოფლების მსგავსად, ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული – ზოგიერთი მათგანი აჭარიდან გადმოსახლებული მუსულმანია, ნაწილი კი რაჭის რეგიონიდან გადმოსახლებული მართლმადიდებელი ქრისტიანია.

2012 წლის ნოემბრის შემდეგ სამ სოფელში, სადაც მუსულმანი და ქრისტიანი მოსახლეობა შერეულია, რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, როცა ქრისტიანი თანასოფლელები აპროტესტებდნენ მუსულმანების ლოცვებს მეჩეთებად გადაკეთებულ სახლებში. ეს ინციდენტები ხდებოდა გურიის სოფელ ნიგვზიანში, ქვემო ქართლში სოფელ წინწყაროსა და კახეთის რეგიონის სოფელ სამთაწყაროში.

ჭელას შემთხვევა ამ ინციდენტებისაგან განსხვავებულია, რადგან ამ სოფლის მუსულმან და ქრისტიან მაცხოვრებლებს შორის რაიმე კონფლიქტის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ჭელას მეჩეთთან ივლისში მინარეთის აგებიდან ვიდრე მის დემონტაჟამდე პერიოდში, „სამხრეთის კარიბჭე“ წერდა სოფლის ქრისტიან მოსახლეობაზე დაყრდნობით, რომ მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ მუსულმან მეზობლებთან და ასევე არ ეწინააღმდეგებოდნენ მინარეთის მშენებლობას.

ქართველ მუსლიმთა კავშირის წინამძღოლმა ტარიელ ნაკაიძემ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ჭელაში ადგილი არ აქვს რელიგიურ დაპირისპირებას ადგილობრივ მუსულმან და ქრისტიან თემებს შორის.  „მე აღფრთოვანებული ვარ იმ დამოკიდებულებით, რომელიც გამოხატა ადგილობრივმა ქრისტიანულმა მოსახლეობამ. მათ დაგმეს ეს სიტუაცია და აქ არ არის რელიგიური დაპირისპირება. იმედი მაქვს, რომ მთავრობა მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მან.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ცნობით, რამდენიმე მართლმადიდებელი ქრისტიანი სოფელ ჭელადან ასევე შეუერთდა 27 აგვისტოს ახალციხეში მიმდინარე აქციას.

20 აგვისტოს ადიგენის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც  მინარეთის მშენებლობა მოხდა უკანონოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე. თუმცა დემონტაჟის ფორმალური საფუძველი გახდა არა საკრებულოს ეს გადაწყვეტილება, არამედ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის უკან იდგა. შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ მინარეთის დემონტაჟი მისი ექსპერტიზის მიზნით განხორციელდა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც 14 ივლისს საქართველოში მისი თურქეთიდან იმპორტის დროს საბაჟოზე იქნა დეკლარირებული.

მას შემდეგ რაც ჭელაში მინარეთი აღმართეს, ადიგენში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გოდერძი კუბლაშვილის ხელმძღვანელობით წამოიწყო კამპანია მისი დემონტაჟის მიზნით. კუბლაშვილი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ადიგენის საკრებულოს ხელმძღვანელობდა, საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავდა მინარეთის მოხსნის მოთხოვნით, მაგრამ 6 აგვისტოს ახალციხეში მაუწყებელ მე-9 არხს განუცხადა, რომ მან აქციის გაუქმება გადაწყვიტა პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ხელისუფლებას მისცა დრო ამ საკითხის მოსაგვარებლად. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე მიმდინარეობდა ხელმოწერების შეგროვება მინარეთის დემონტაჟის მოთხოვნით, თუმცა ჭელას მკვიდრები „სამხრეთის კარიბჭეს“ ეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ, თუ ვინ იდგა ამ კამპანიის უკან და ისინი არ უერთდებოდნენ მას.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა ხნიერმა მამაკაცმა მუსულმანი თემიდან განუცხადა ახალციხის ტელევიზიას, რომ ვიღაც ცდილობს ხელოვნურად წარმოშვას დაპირისპირება ადგილობრივ მუსულმანებს და ქრისტიანებს შორის.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button