skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის დელეგაციის განცხადება აფხაზეთში პუტინის ვიზიტზე

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში „შეშფოთებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი სულ ახლახანს ეწვია საქართველოს აფხაზეთის რეგიონს“.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტები არ შეესაბამება სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გაკეთდა.

„წარმომდგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. წარმომადგენლობა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ძალისხმევა გამოიჩინონ ამ მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტი პუტინი სეპარატისულ აფხაზეთს ესტუმრა და რეგიონის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს 25 აგვისტოს ბიჭვინთაში შეხვდა, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის აღიარების ხუთ წლისთავამდე ერთი დღით ადრე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დაგმო პუტინის სტუმრობა აფხაზეთში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მორიგი დარღვევა და განაცხადა 26 აგვისტოს, რომ რუსეთს შესაბამისი საპროტესტო ნოტა გაეგზავნა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button